მერიამ ელექტროგაყვანილობის მონტაჟი დაიწყო პარლამენტთან გაშლილ კარვებში
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, თბილისის მერიამ მათ ასევე გადასცა ოთხი ელექტროგამათბობელი, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ კარვებში დაიდგმება. იქ ამჟამად ექვსი კარავია, რომლებშიც აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ.
ერთი წლის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, პანკისში შარშანდელი სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, პარლამენტის შენობასთან აქციას სექტემბრიდან მართავენ და შვილების მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ.
