შსს-მ მელიქიშვილზე დაპირისპირების შემდეგ გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულზე, ჯგუფურ ძალადობაზე დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების შემდეგ პრესრელიზს ავრცელებს, სადაც წერს რომ გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ეს დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობით ისჯება.
შსს-ს მიერ 22:18 წუთზე გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, "ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ."
სამართალდამცველი უწყება ირწმუნება, რომ შემთხვევის "ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა, სიტუაციის განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ზომები გაატარეს."
ადგილზე მყოფი დემონსტრანტები დაპირისპირებისას პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობდნენ - კახა კალაძის შტაბთან პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. მათ უმეტესობას სახე დაუფარავი აქვს, მედიის მიერ გადაღებულ კადრებში მკაფიოდ ჩანს, როგორ იყენებენ ისინი უკმაყოფილი მოქალაქეების წინააღმდეგ უხამს ჟესტებს, სცემენ ქალებს, იყენებენ რკინის ბარიერებს თავდასხმისთვის.