ტეხასის გუბერნატორი დემოკრატ კანონმდებლებს შტატის დატოვებისთვის დაპატიმრებით ემუქრება
აშშ-ის ტეხასის შტატის გუბერნატორი გრეგ ებოტი დაპატიმრებით დაემუქრა ტეხასის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ წევრებს, რომლებმაც შტატი დატოვეს, რათა ჩაშალონ რესპუბლიკელების მიერ შეთავაზებული საარჩევნო ოლქების ხელახალი დანაწილების გეგმა.
50-ზე მეტი დემოკრატი გადავიდა ტეხასიდან სხვა შტატებში, რათა კვორუმის არარსებობით დაბლოკონ კენჭისყრა. ტეხასის სარჩევნო ოლქების ხელახალი განაწილების გეგმამ, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა რესპუბლიკურ პარტიას 2026 წლის შუალედურ არჩევნებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამატებით ხუთი ადგილი მოაპოვებინოს.
ებოტმა დეპუტატების იძულებით დაბრუნების ორდერები გასცა, მაგრამ ორდერების იურისდიქცია მხოლოდ ტეხასის ტერიტორიაზე ვრცელდება. ებოტმა ასევე განაცხადა, რომ თუ დემოკრატები გამოუცხადებლობისთვის ჯარიმების გადასახდელად თანხებს მოიზიდავენ (დღეში 500 აშშ დოლარი), ეს დაარღვევს კორუფციის საწინააღმდეგო კანონებს. შტატის გენერალური პროკურორი კენ პაქსტონი ვარაუდობს, რომ საქმე ტეხასის უზენაეს სასამართლოში გადავა.
კალიფორნიის გუბერნატორმა, დემოკრატმა გევინ ნიუსომმა, ტეხასში საარჩევნო ოლქების რეფორმირების გეგმას თამაშის წესების შეცვლა უწოდა და თქვა, რომ რესპუბლიკელების გეგმის დამტკიცების შემთხვევაში ამას მოჰყვება სარკისებური რეაქცია - ოლქების ხელახალი გადანაწილება კალიფორნიაშიც.
დემოკრატები ტეხასის ხელისუფლებას ადანაშაულებენ შტატის ოლქების რუკების რასობრივი ნიშნით შეცვლაში, ებოტი კი ამტკიცებს, რომ რეფორმა ტეხასის საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობების წარმომადგენლობას ზრდის.