ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება ალასკაში
„ჩემს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა მომავალ პარასკევს, 2025 წლის 15 აგვისტოს, გაიმართება ალასკის დიად შტატში. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“ - წერს ტრამპი.
„კრემლმა დაადასტურა“, დაწერეს კრემლში მომუშავე „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტებმა მალევე ტრამპის განცხადების შემდეგ.
„რუსეთი და აშშ ახლო მეზობლები არიან, ამიტომ საკმაოდ ლოგიკურია, რომ ლიდერების სამიტი ალასკაში გაიმართება“, თქვა პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა. „ალასკასა და არქტიკაში იკვეთება რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის ეკონომიკური ინტერესები და მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივები ჩანს“, აღნიშნა მან. უშაკოვმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შემდეგი შეხვედრა რუსეთში გაიმართება; მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე მიიღო მოწვევა.
ალასკის სამიტი, თუ ის გაიმართება, ტრამპსა და პუტინს შორის პირველი პირადი შეხვედრა იქნება ამერიკის პრეზიდენტის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ. აშშ არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, რომელმაც პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ტრამპი პუტინთან შეხვედრას აპირებს მას შემდეგ, რაც ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი მოსკოვს ეწვია. 7 აგვისტოს პუტინმა შეხვედრისთვის ერთ-ერთ შესაფერის ადგილად დაასახელა არაბთა გაერთიანებული საამიროები.
დანამდვილებით არ არის ცნობილი, რა პირობები წამოაყენა რუსეთმა ომის დასასრულებლად. პოლონური გამოცემა Onet-ის ცნობით, მოსკოვი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას (და არა სამშვიდობო შეთანხმებას), თუ ომში მოპოვებული მისი ყველა მიღწევა ფაქტობრივად აღიარებულ იქნება და სანქციების უმეტესობა მოიხსნება. სავარაუდოდ, არ ყოფილა საუბარი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებაზე ან იმის გარანტიებზე, რომ ის ნატოში არ შევა. უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვამ პოლონელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საეჭვო უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა 8 აგვისტოს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმება „ტერიტორიების გაცვლას“ მოიცავს. „ტერიტორიების გარკვეული გაცვლა ორივე მხარის ორმხრივი სარგებლისთვის იქნება... რაღაცას დავაბრუნებთ, რაღაცას გავცვლით“, განმარტა დონალდ ტრამპმა.
ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, ტრამპს, პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართება. პუტინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მას „არაფერი აქვს საწინააღმდეგო“ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისა, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას, რაც, პუტინის თქმით, „ჯერ კიდევ შორს არის“.
ბრიტანეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი გამოვიდა მოწოდებით, უკრაინასთან დაკავშირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიწვეულ იქნეს ევროპის რომელიმე ბირთვული სახელმწიფო, წინააღმდეგ შემთხვევაში კიევი შეიძლება აიძულონ, გაუმართლებელ დათმობებზე წავიდეს.