პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის გამო 43 პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულებთან ერთად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების" დავალებით, ისე დამოუკიდებლად, „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. ასევე მოქალაქეებს სძალავდნენ თანხებს.
უწყების თანახმად, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ე.წ. "კანონიერმა ქურდმა“ "ქურდული სამყაროს“ წევრებს დაავალა, რომ "ქურდული სამყაროს“ წევრების და მხარდამჭერების მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილება აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა.
პროკურატურის განცხადების მიხედვით, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ლაგოდეხის საკრებულოში, მირზა ალიევმა, რომელიც სპეცოპერაციის დროს მოკლეს, ერთი სპეცრაზმელი კი დაიჭრა, „ქურდულ საერთოში“ გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა.
"საკითხის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები. აღნიშნულ პერიოდში მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს აღმოუჩინა ფინანსური დახმარება. ქურდული გარჩევის გზით საბოლოდ მიღწეული იქნა შეთანხმება, რის სანაცვლოდაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს გადასცა საერთო ჯამში 6000 აშშ დოლარი".
საქმეზე ბრალდებული 34 პირი დააკავეს. ექვს მათგანს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო სამს - პენიტენციურ დაწესებულებაში.
ბრალდებულებს ბრალდება ქურდული სამყაროს წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ბრალდებულების ნაწილს პატიმრობა, ერთ ბრალდებულს კი, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბრალდებულების ნაწილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.
