ფინეთმა გაავრცელა დეტალები მის მიერ დაკავებული გემის შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილია ჰელსინკი-ტალინის კაბელის დაზიანებაში
ფინეთის ხელისუფლებამ გაავრცელა დეტალები მის მიერ დაკავებული გემის, Fitburg-ის შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილია ჰელსინკი-ტალინს შორის კაბელის დაზიანებაში, იუწყებიან Reuters და Yle.fi.
გამოძიების მონაცემებით, ბორტზე ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა: რუსეთის, საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც ფინეთის პოლიციამ დააკავა.
LSEG-ის ცნობით, გემი Fitburg Shipping Company Ltd-ს ეკუთვნის და მას Albros Shipping and Trading Ltd მართავს. Reuters-მა ვერცერთ კომპანიასთან ვერ შეძლო ტელეფონით დაკავშირება.
ვებსაიტ Marinetraffic-ის ცნობით, 132 მეტრის სიგრძის სატვირთო გემი პორკალის სანაპიროსთან მდებარეობს. ის კარიბის ზღვაში მდებარე სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშის ქვეშ დაცურავდა. ინციდენტის დროს Fitburg-ი სანქტ-პეტერბურგიდან ისრაელის ქალაქ ჰაიფაში მიემართებოდა, განაცხადა ფინეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე.
31 დეკემბერს ესტონეთის იუსტიციისა და ციფრული კომუნიკაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინეთის ყურეში ხუთი კაბელი დაზიანდა. კერძოდ, დაზიანდა ჰელსინკისა ტალინს შორის მდებარე Elisa-ს სატელეკომუნიკაციო კაბელი.
გემი, რომელსაც ზღვაში ჰქონდა ჩაშვებული ღუზის ჯაჭვი, ფინეთის ეკონომიკურ ზონაში შენიშნეს სასაზღვრო დაცვის გემმა Turva-მ და სასაზღვრო დაცვის ვერტმფრენმა.
Fitburg-ი ან მისი IMO ნომერი ოფიციალურ სანქციების სიებში არ შედის, მაგრამ „ღია სანქციების“ პროექტმა, რომელიც სანქციებს აგროვებს და აკონტროლებს, Fitburg-ი აღნიშნა როგორც დაკვირვებისთვის საინტერესო გემი.
ეს არ არის ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში კაბელების დაზიანების ან გაწყვეტის პირველი ინციდენტი, რომელსაც რუსეთს უკავშირებენ.
ბოლო თვეებში ასეთი ინციდენტები გახშირდა ევროპისა და ბალტიის ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე.
2024 წლის დეკემბერში, ფინეთში დააკავეს ტანკერი Eagle S, რომელიც კუკის კუნძულების დროშის ქვეშ ცურავდა და რუსული ნავთობი გადაჰქონდა. ფინელმა გამომძიებლებმა მიიჩნიეს, რომ მან თავისი 11000-კილოგრამიანი ღუზა ფინეთის ყურის ფსკერზე 90 კილომეტრის მანძილზე ათრია, რამაც დააზიანა ფინეთ-ესტონეთის Estlink 2 ელექტროკაბელი და ოთხი საინტერნეტო ხაზი. მათ ტანკერი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად გამოაცხადეს. საბოლოოდ გემის კაპიტანსა და პირველ თანაშემწეს (საქართველოს მოქალაქე) ბრალდებები წაუყენეს, მაგრამ სასამართლომ ისინი არ დააკმაყოფილა. სასამართლოში ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ გემის ღუზა შეუმჩნევლად ჩაეშვა ზღვაში.
2025 წლის იანვარში ნორვეგიამ ლატვიის მოთხოვნით დააკავა გემი Silver Dania, რომლის ბორტზეც რუსული ეკიპაჟი იმყოფებოდა: ის ეჭვმიტანილი იყო ლატვიასა და შვედეთს შორის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებაში. გემი სანქტ-პეტერბურგსა და მურმანსკს შორის მიცურავდა.
