"დოჟდის" ჟურნალისტს დაუსწრებლად ასამართლებენ სიტყვებისთვის "საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული"
მოსკოვის ტაგანის რაიონულმა სასამართლომ ტელეკომპანია „დოჟდის“ რედაქტორის, ვალერია კიჩიგინას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო. არხის ცნობით, ეს „ფეიკების“ შესახებ კანონის საფუძველზე აღძრული პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც უკრაინაში ომს არ უკავშირდება.
საქმე ორ ეპიზოდს მოიცავს: ერთია ჟურნალისტის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტი და მეორე ბუჩის შესახებ ჟურნალისტ დმიტრი კოლეზევის სტატიის რეპოსტი, ნათქვამია "დოჟდის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმის მასალების თანახმად, საგამოძიებო ღონისძიებები, სავარაუდოდ, უფაში 2023 წლის აგვისტოში დაიწყო, საქართველოში ომის წლისთავისადმი მიძღვნილი პოსტის აღმოჩენის შემდეგ, რომელშიც კიჩიგინა წერდა, რომ „საქართველოს 20% 15 წლის განმავლობაში რუსეთის მიერაა ოკუპირებული“. იმ დროს ჟურნალისტი რუსეთში იმყოფებოდა და ქვეყანა მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დატოვა, თუმცა საზღვარზე არ დაუკითხავთ.
სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის ნოემბერში აღიძრა, ხოლო 2025 წლის იანვარში კიჩიგინას ოჯახის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. მარტში ჟურნალისტი დაუსწრებლად დააკავეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს.
საქმის მასალებში ნათქვამია, რომ კიჩიგინამ „შეარყია რუსეთის შეიარაღებული ძალების ავტორიტეტი და დისკრედიტაცია მოახდინა საზოგადოებაში, მათში, ვინც გაეცნო ზემოხსენებულ პუბლიკაციებსა და ვიდეოებს, გამოიწვია სახელმწიფოს მხრიდან განგაშის, შიშის, შფოთისა და დაუცველობის განცდა".
„საქმის მასალების წაკითხვის შემდეგ, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისა და ბაიმაკის საქმის გაშუქებისთვისაა. თუ მათ ეს ამბავი 2023 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ ჩემი ინსტაგრამის გვერდზე რჩებოდა, მანამდე რატომ არ დაიწყეს გამოძიება? რატომ მხოლოდ წელიწად-ნახევრის შემდეგ და ისიც უფაში? მე მოსკოვში ვარ რეგისტრირებული და 2015 წლიდან უფაში აღარ ვცხოვრობ. გამომძიებელი განზრახ ეძებდა ჩემზე რაღაცას და საქართველოში ომის გარდა, ვერაფერი იპოვა", - განუცხადა კიჩიგინამ „დოჟდს“.
ტელეარხზე 2024 წლის სექტემბერში გავიდა სიუჟეტი, რომლის ავტორიც იყო ვალერია, ოღონდ თავისი ქალიშვილობის გვარით, ფაიზულინათი.
„დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ დზიატკომ, რომელიც ამჟამად უცხოეთიდან მუშაობს, ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრული საქმის შესახებ 2025 წლის თებერვალში დაწერა ისე, რომ არ დაუსახელებია მისი ვინაობა.
ბრალდებულს არმიის შესახებ "ყალბი ცნობების გავრცელებისთვის" 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
