დავოსში მიმდინარეობს დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა
შვეიცარიის ქალაქ დავოსში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში დღეს ჩავიდა. ზელენკის დავოსში ვიზიტის შესახებ წინასწარ არ იყო დადასტურებული. დონალდ ტრამპმა ზელენსკისთან დავოსში შეხვედრის განზრახვის შესახებ ერთი დღით ადრე, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
შეხვედრა მედიის გარეშე მიმდინარეობს.
ლიდერები უკრაინაში ომთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენებისა და აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივების განხილვას გეგმავენ.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რომელიც ერთი დღით ადრე უკრაინის დელეგაციას და უფრო ადრე კრემლის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შეხვდა, დღეს განაცხადა, რომ არსებითად მხოლოდ ერთი საკითხი რჩება გადაუჭრელი - სავარაუდოდ, ესაა ტერიტორიული საკითხი. უიტკოფი და ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი, დღეს მოსკოვში მიემგზავრებიან, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი შესაძლოა არ დასწრებოდა დავოსის ფორუმს რუსეთის დარტყმების შემდეგ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში შექმნილი რთული ვითარების გამო.
