უვადო პატიმრობა მიესაჯა „რატის ბარში“ 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულს
5 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, უვადო პატიმრობა მიუსაჯა 37 წლის ივანე გიგლემიანს, რომელსაც გამოძიება გასული წლის 11 მაისს „რატის ბარში“ 18 წლის ალეკო შაკიაშვილის განზრახ მკვლელობას ხულიგნური ქვენაგრძნობის ბრალდებით ედავებოდა.
ამ საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ ბრალდებულს, 46 წლის რაჯი პაკელიანს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.
გამოძიების ინფორმაციით, გასული წლის 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, „რატის ბარში“ ივანე გიგლემიანმა ალეკო შაკიაშვილს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები დანით მიაყენა. ახალგაზრდა მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
რაც შეეხება რაჯი პაკელიანს, პროკურატურის განცხადებით, ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, განზრახ მკვლელობა, ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
პროკურატურა სასამართლო სხდომებზე ირწმუნებოდა, რომ ივანე გიგლემიანმა 18 წლის ბიჭს ყოველგვარი მოტივის გარეშე მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები:
„18 წლის ბიჭმა გვერდით ჩავლისას უბრალოდ მხარი გაჰკრა, მხოლოდ ამ მიზეზით შეიყვანა ოთახში და დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები. ამის შემდეგ დაჭრილი მიატოვა, გამოვიდა, დაბრუნდა თავის სუფრასთან. მეორე ბრალდებულს, რომელსაც ბრალი წაყენებული აქვს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, უთხრა ჩადენილი ქმედების შესახებ, რის შემდეგაც ორივე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
დაჭრილი ბიჭი იქ მყოფმა სხვა ადამიანებმა ამოიყვანეს ბარიდან, გამოიყვანეს გარეთ, ჰაერზე, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, მაგრამ ჭრილობები ისეთი განლაგებით არის მიყენებული, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა გასული წლის 13 მაისს სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე.
ალეკო შაკიაშვილი ყვარლის რაიონიდან, სოფელ გავაზიდან იყო. მან სკოლა იქ დაამთავრა, შემდეგ კი თბილისში გადმოვიდა მშობლებთან ერთად და მუშაობა დაიწყო.
