ყირგიზეთი შესაძლოა ევროკავშირის სანქციების პირველი სამიზნე გახდეს რუსეთში საქონლის რეექსპორტისთვის
რუსეთის წინააღმდეგ შეთავაზებული სანქციების მე-20 პაკეტის მიხედვით, რომელთა შემოღებაც თებერვლის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი, ყირგიზეთს შესაძლოა ექსპორტის გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეს.
როგორც რადიო თავისუფლებამ შეიტყო დიპლომატიური წყაროებიდან, ევროკავშირი ამჟამად განიხილავს წინადადებას, რომელიც მინიმუმ ორი ორმაგი დანიშნულების საქონლის, CNC მანქანებისა და რადიოაპარატურის ექსპორტის აკრძალვას ისახავს მიზნად.
ეს ზომა განიხილება ბრიუსელში არსებული შეშფოთების ფონზე, რომ შესაძლოა რუსეთში ხელახლა მოხდეს ყირგიზეთში ექსპორტირებული გარკვეული ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, რაც მოქმედი სანქციების გვერდის ავლას შეუწყობს ხელს.
ორმაგი დანიშნულების იმპორტიCNC მანქანები - კომპიუტერულად კონტროლირებადი ხელსაწყოები, რომლებიც ჭრის, ბურღავს და აყალიბს მასალებს, ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში - ავტომობილების წარმოებიდან ელექტრონიკამდე. თუმცა, მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია რაკეტების, თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო სისტემების ნაწილების დასამზადებლად. ანალოგიურად რადიოაპარატურა გამოიყენება ყოველდღიური კომუნიკაციისთვის, მაგრამ ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო მიზნებისთვის, ბრძოლის ველზე კომუნიკაციიდან დაწყებული დრონების კონტროლით დამთავრებული.
ორივე კლასიფიცირდება როგორც ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, რაც ნიშნავს, რომ მათ აქვთ როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო გამოყენება და მკაცრად კონტროლდება ევროკავშირის ექსპორტის წესებით.
მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთში იმპორტის ზუსტი რაოდენობის თვალყურის დევნება რთულია, ევროკავშირის სავაჭრო მონაცემები აჩვენებს, რომ გერმანია, იტალია, საფრანგეთი და პოლონეთი ქვეყანას სამრეწველო დანადგარებითა და ელექტრონული აღჭურვილობით ამარაგებენ, მათ შორისაა CNC და რადიოკომპონენტები. რუსეთი ისტორიულად ეყრდნობოდა ამ ევროპული წარმოების ინსტრუმენტებს მოწინავე სამხედრო წარმოებისთვის, რაც ხსნის, თუ რატომ ხდება ასეთი ექსპორტის მკაცრი მონიტორინგი და თუ ის გადამისამართდება, შეიძლება სანქციები გამოიწვიოს.
რადიო თავისუფლების წყაროები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ სანქციების პაკეტი ჯერ კიდევ შემუშავების ეტაპზეა. ევროკავშირის ნებისმიერი სანქციების პაკეტი მოითხოვს 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვან თანხმობას და მოლაპარაკებებმა შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები, შეფერხებები ან ცალკეული დებულებების ამოღება. ევროკავშირის დიპლომატებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ზოგიერთმა მწარმოებელმა ქვეყანამ შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს სანქციებს ყირგიზეთთან მათი ბიზნესინტერესებისა და სავაჭრო პარტნიორობის დასაცავად.
შემოთავაზებული მე-20 პაკეტის მომზადება ხდება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავის წინ, ხოლო გადაწყვეტილება თებერვლის ბოლოს არის მოსალოდნელი. Bloomberg-მა, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია პაკეტის პროექტის შესახებ, განაცხადა, რომ სანქციები გააფართოებს არსებულ ზომებს რუსული ბანკებისა და ენერგეტიკული კომპანიების წინააღმდეგ და ასევე შეიძლება მიმართული იყოს კრიპტოვალუტის სერვისებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიმართ მესამე ქვეყნებში, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან, რომ ისინი რუსეთს შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.
პირველები ევროკავშირის სანქციების სიაშითუ ყირგიზეთში ექსპორტის შეზღუდვები დამტკიცდება, ეს იქნება პირველი გამოყენება ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული ინსტრუმენტისა, რომელიც 2023 წელს იქნა შემოღებული. ეს ინსტრუმენტი ევროკავშირს საშუალებას აძლევს, შეზღუდოს კონკრეტული მგრძნობიარე საქონლის ექსპორტი მთელს მესამე ქვეყანაში, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ სისტემატურად ხდება ამ საქონლის რეექსპორტი რუსეთში.
ტრადიციული სანქციებისგან განსხვავებით, ის არ მოითხოვს იმის მტკიცებულებას, რომ მთავრობამ განზრახ დაარღვია სანქციები და არ წარმოადგენს სრულ სავაჭრო ემბარგოს. ამის ნაცვლად მისი ყურადღების ცენტრშია ვიწრო, სექტორულ ექსპორტზე აკრძალვები.
პაკეტის პროექტი ასახავს ბრიუსელში მზარდ შეშფოთებას ცენტრალური აზიის გავლით სანქცირებული საქონლის სატრანზიტო მარშრუტების თაობაზე. ამგვარი შეშფოთების შედეგად ყირგიზეთი გახდებოდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა რუსეთის გავლენის სფეროში, რომლის წინააღმდეგაც ევროკავშირის სანქციები სახელმწიფო დონეზე დაწესდებოდა, რაც მნიშვნელოვან ესკალაციას წარმოადგენს ინდივიდუალური კომპანიების მიმართ სანქციებთან შედარებით.
ყირგიზეთისთვის ამ მექანიზმის გამოყენება სცილდება რეპუტაციისთვის მინიჭებულ ზიანს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროპული დანადგარებისა და ელექტრონიკის ექსპორტის აკრძალვამ შეიძლება შეაფერხოს მიწოდების ჯაჭვები, ხარჯები გაზარდოს ევროკავშირის ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ბიზნესებისთვის, შეაფერხოს უცხოური ინვესტიციები და ევროპული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები უფრო ფრთხილი გახადოს ყირგიზ პარტნიორებთან ურთიერთობისას. დაწესების შემდეგ ასეთი ზომების გაუქმება რთულია და საჭიროებს მუდმივ დასაბუთებას, რომ რეექსპორტი შეჩერდა.
დიდი დარტყმა პატარა ქვეყნისთვისმარატ მუსურალიევმა, Smart Business Solutions Central Asia-ს დირექტორის მოადგილემ, გამოთქვა გაფრთხილება, რომ თუ ევროკავშირი საბოლოოდ დააწესებს ქვეყნის დონეზე ექსპორტის შეზღუდვებს, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს ყირგიზეთის რეპუტაციას და ეკონომიკურ პერსპექტივებს.
„თუ ფიზიკურმა პირებმა და კერძო კომპანიებმა მოგება მიიღეს სანქციების გვერდის ავლით და ევროკავშირი ქვეყანას სანქციებს დაუწესებს, მაშინ შედეგებს ყველანი მოვიმკით. სანქციების ქვეშ მოქცევა ადვილია, მაგრამ ძალიან რთულია მათგან თავის დაღწევა. ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩვენს ეკონომიკას“, თქვა მან. „ეს ასევე რეპუტაციის საკითხია. ნებისმიერი პირი, ვინც ყირგიზეთში ინვესტირებას განიხილავს, უცებ არ მიიღებს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღებამდე შვიდჯერ დაფიქრდება.“
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გარკვეული სავაჭრო ტენდენციები და ბიზნესსაქმიანობა ევროკავშირის ოფიციალური პირებისა და დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის საფრთხის შემცველ წითელ დროშებად იქცა. აშშ-ში დაფუძნებული ბრუკინგსის ინსტიტუტის მიერ 2023-2024 წლებში ჩატარებულმა კვლევებმა დააფიქსირა ევროპიდან და სხვა რეგიონებიდან ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ექსპორტის მკვეთრი ზრდა, რომლის დიდი ნაწილიც მოგვიანებით რუსეთში გამოჩნდა.
ბრუკინგსის ეკონომისტის, რობინ ბრუკსის თქმით, ყირგიზეთი ევროპული ექსპორტის მთავარი დანიშნულების ადგილი გახდა. მას ამის დასტურად მოჰყავს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნიდან ექსპორტის მკვეთრი ზრდა.
ბრუკსი იტყობინება, რომ 2022 წლის თებერვლიდან ყირგიზეთში ექსპორტი ესტონეთიდან გაიზარდა 10 000 პროცენტით, ფინეთიდან - 3100 პროცენტით, პოლონეთიდან - 2200 პროცენტით და საბერძნეთიდან - 2100 პროცენტით. მან აღნიშნა, რომ ყველა ექსპორტიორი არ ყოფილა ჩართული სანქციების გვერდის ავლაში.
რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის მიერ 2023 წლიდან ჩატარებულმა გამოძიებებმა ასევე დაადგინა, თუ როგორ ხდებოდა რუსეთში ექსპორტი გარკვეული დასავლური ორმაგი დანიშნულების სანქონლისა, რომლის ყირგიზეთში იმპორტსაც ადრე არ ეწეოდნენ, ისე, რომ სანქციების მიუხედავად, ეს გზები ხელს უწყობდა მათ მოხვედრას რუსეთში.
დასავლეთის მთავრობებმა, მათ შორის ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, უკვე დააწესეს მეორადი სანქციები მესამე ქვეყნების ცალკეულ კომპანიებსა და ბანკებზე, რომლებმაც გააფართოვეს რუსეთთან ვაჭრობა.
ყირგიზეთში დაახლოებით 25 კერძო სუბიექტი, მათ შორის ბანკები და სავაჭრო ფირმები, შეიყვანეს დასავლეთის სანქციების სიაში. თუმცა, ყირგიზეთი, როგორც სახელმწიფო, არასდროს ყოფილა სანქცირებული. ამიტომ ქვეყანაში ექსპორტის შეზღუდვის შესახებ ევროკავშირის ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნებოდა მიდგომის მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც უნდა შეზღუდული იყოს მისი მასშტაბები.
სუფთა თამაშიყირგიზეთის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო ბრალდებები, რომ ქვეყანა ხელს უწყობს სანქციებისთვის თავის არიდებას. მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დანიარ ამანგელდიევმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ბიშკეკს ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია და შესაძლო ზომების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ მედიის საშუალებით ვრცელდება.
„ჩვენ კონსულტაციებს ვატარებთ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანთან, და დავაწესეთ შეზღუდვები იარაღისა და მგრძნობიარე საქონლის ექსპორტზე. პროცენტულ ზრდაზე დაფუძნებული სავაჭრო სტატისტიკა ასევე შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს, როდესაც საწყისი მოცულობები ძალიან დაბალი იყო“, თქვა მან.
მთავრობისთვის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ყირგიზული ბანკებისთვის დაწესებული სანქციები. ქვეყნის 23 ბანკიდან ოთხი - Tolubay Bank, Eurasia Savings Bank, Keremet Bank და Capital Bank - სანქცირებულ იქნა საეჭვო ფინანსურ სქემებში სავარაუდო მონაწილეობის გამო.
შარშან სექტემბერში პრეზიდენტმა სადირ ჯაპაროვმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განიხილა ეს საკითხი. ის ყირგიზეთის ბანკებისთვის სანქციების მოხსნის მოწოდებით გამოვიდა და საერთაშორისო აუდიტის ჩატარების წინადადება წამოაყენა. მან ხაზი გაუსვა, რომ ყირგიზეთი მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკას ატარებს, ინარჩუნებს ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან და მხარს არ უჭერს უკრაინაში ომს.
ამავე დროს დასავლელმა მარეგულირებლებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბიზნესების ყირგიზეთში საქმიანობის გამო.
2025 წელს, ყირგიზეთში მოლდოველი ოლიგარქის, ილან შორის მიერ დაარსებული კრიპტოვალუტის ბირჟა Grinex და რუბლზე მიმაგრებული სტეიბლკოინი A7A5 საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს Grinex-ს, A7A5 სტეიბლკოინის უკან მდგომ კომპანიას და მის დამფუძნებლებს. რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის შეფასებით, A7A5-თან დაკავშირებული ტრანზაქციების ჯამურმა რაოდენობამ 79 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო სხვა მედიასაშუალებების ცნობით, 2026 წლის დასაწყისისთვის Grinex-ის მეშვეობით მიმოქცევაში მყოფმა სახსრებმა 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
