ანტარქტიდიდან ფრონტის ხაზამდე: უკრაინის „სამხედრო პინგვინები“
52 წლის კაცი უკრაინის „სამხედრო პინგვინებიდან“ ერთ-ერთია, რომელიც უკრაინის ანტარქტიდის კვლევით ბაზაზე მსახურობდა და სამშობლოში საბრძოლველად დაბრუნდა.
უკრაინის კავშირები ყველაზე ცივ კონტინენტთან წინა საუკუნის დასაწყისიდან მოდის, როდესაც ანტონ ომელჩენკო, დღევანდელი უკრაინის პოლტავის რეგიონიდან, გადაურჩა ბრიტანელების წარუმატებელ და უიღბლო ექსპედიციას სამხრეთ პოლუსზე 1910-1913 წლებში.
საბჭოთა პერიოდში უკრაინის „ანტონოვის“ საავიაციო ქარხანა პოლარული ბაზების მხარდასაჭერად სპეციალიზებულ თვითმფრინავებს ამზადებდა, ხოლო ხარკოვის ქარხანა ანტარქტიკაში გამოსაყენებლად მუხლუხიან მანქანებს აწარმოებდა.
საბჭოთა პოლარულ ბაზებზე მომუშავე მკვლევართა დიდი ნაწილი უკრაინელი იყო, მაგრამ როცა სსრკ დაიშალა, ანტარქტიკის საბჭოთა კავშირის თორმეტივე ბაზაზე პრეტენზია რუსეთმა გამოაცხადა.
უკრაინის ანტარქტიკის სამეცნიერო ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ოლენა მარუშევსკა ამბობს, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში „ბევრი მეცნიერი გვყავდა, რომლებსაც სამუშაო ადგილი არ ჰქონდათ. თუმცა მათი სპეციალიზაცია ანტარქტიკის კვლევა იყო“.
1996 წელს დიდმა ბრიტანეთმა თავისი "ფარადეის კვლევითი ბაზა", მყუდრო ბრიტანული ლუდხანით, უკრაინას ერთ ფუნტ სტერლინგად მიჰყიდა. შეთანხმება მოიცავდა პირობას, რომ უკრაინელი მეცნიერები გააგრძელებდნენ ბრიტანულ კვლევებს, მათ შორის 1947 წელს დაწყებულ მეტეოროლოგიურ კვლევას.
უკრაინამ ბაზას უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ვერნადსკის სახელი მიანიჭა. 2026 წლის 6 თებერვალს ბაზამ ოფიციალური გადაცემის 30 წლის იუბილე აღნიშნა.
2022 წლის თებერვლის ბოლოს, ბაზაზე მისი მეოთხედ მივლინებისას, ლიშენკოს ვერნადსკამდე 15 000-კილომეტრიანი გზის ნახევარი ჰქონდა გავლილი, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ.
ლიშენკოს - რომელიც ვერნადსკის ბაზაზე დიზელის ელექტრიკოსად მუშაობდა - შემცვლელის პოვნა მოკლე დროში შეუძლებელი იყო, ამიტომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში მას მხოლოდ ის შეეძლო, რომ ახალი ამბებისთვის ეყურებინა, მაშინ როცა რუსული ძალები მისი მშობლიური ქალაქისკენ მიიწევდნენ. „ძალიან რთული იყო“, - იხსენებს ლიშენკო, - „მე ხარკოვიდან ვარ, ჩემი ოჯახი ხარკოვში იყო და მე."
როდესაც ანტარქტიდაზე მივლინების ვადა 2023 წლის გაზაფხულზე დაუსრულდა, ლიშენკო უკრაინაში დაბრუნდა და ქვეითი მოიერიშეების ჯგუფს შეუერთდა.
იმავე წლის ოქტომბერში ის რუსული ჭურვით მძიმედ დაიჭრა და მარჯვენა ფეხი მოჰკვეთეს. 2024 წლის იანვარში, კიევის საავადმყოფოში ყოფნისას გამოჯანმრთელების პერიოდში, ანტარქტიკის ვეტერანი კვლავ ძლივს გადაურჩა სიკვდილს, როდესაც რუსული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა საავადმყოფოს პალატას, მისი საწოლიდან სულ რაღაც 15 მეტრის დაშორებით მოხვდა. რაკეტის ნახევარტონიანი ქობინი არ აფეთქდა.
ლიშენკო ამბობს, რომ ანტარქტიკაში ცხოვრების პერიოდიდან ყველაზე მეტად იქ მყოფთა შორის ურთიერთობის ატმოსფერო ენატრება.
დაახლოებით ათეული ადამიანისგან შემდგარ მცირე ჯგუფში, რომელიც 13 თვის განმავლობაში დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ კუთხეში იმყოფება, „ადამიანებს შორის ურთიერთობები მეგობრულის ფარგლებს სცილდება, ისინი ოჯახის წევრებივით ხდებიან“, - ამბობს ლიშენკო. - „რადგან ამ ადამიანებთან მუშაობ 24 საათი, კვირაში 7 დღე, და ერთმანეთზე ხართ დამოკიდებული, თქვენი მეგობრობა ისეთია, რომ საბოლოოდ მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებთ ერთმანეთთან კავშირს".
მიუხედავად იმისა, რომ პროთეზით დადიოდა, ლიშენკო 2025 წლის თებერვალში სადგურზე დაბრუნდა ხანმოკლე მივლინებით პერსონალის ნაკლებობის გამო.
„სამწუხაროდ, პერსონალის მხრივ, კარგ მდგომარეობაში არ ვართ, რადგან ჩვენი ბიჭების უმეტესობა იბრძვის“, - თქვა მან. ლიშენკო ადრე ხუმრობდა, რომ მისი ერთთვიანი მივლინება იყო „ანტარქტიდის მეკობრისა, ერთი ფეხით და მხარზე პინგვინით“.
სულ 32 მეცნიერი და ტექნიკური სპეციალისტია, რომლებიც ვერნადსკზე მსახურობდნენ და ასევე იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამჟამად ფრონტზეა, არის მიხაილო, რომლის სამხედრო კოდური სახელი, ბუნებრივია, „ბიოლოგი“ იყო.
ზღვის ბიოლოგი ვერნადსკში 2021 წელს გაგზავნეს და ამჟამად ფრონტის ხაზზე დრონების სპეციალისტად მუშაობს.
„გარკვეულწილად, ჩემი ახლანდელი საქმიანობა [ფრონტის ხაზზე] სამეცნიერო საქმიანობას ჰგავს“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას, - „მე უპილოტო საფრენ აპარატებთან ვმუშაობ. ჩვენ ვაკეთებთ რაღაც ახალს და ბევრს ეს არ ესმის. ჩვენ შორეულ, დავიწყებულ ადგილებში ვმუშაობთ - ვცდილობთ ნებისმიერ ამინდში“, მაგრამ აქ, მისი თქმით, მსგავსება მთავრდება.
„როდესაც საბრძოლო მისიით ხარ, ვერ მოდუნდები. ყველა ჩქამს შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს. შენს ყველა ქმედებას შეიძლება ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს“.
მიხაილოს სამეცნიერო კარიერა ახლა გაჩერებულია, მაგრამ იმედოვნებს, რომ მალე დაუბრუნდება მას. „ვერ წარმომიდგენია ცხოვრება მის გარეშე“, - ამბობს ის. - „და, თუ ჩემი ჯანმრთელობა საშუალებას მომცემს, ისევ ანტარქტიდაზე მინდა დავბრუნდე“.
ვერნადსკის ბაზა კრიტიკის სამიზნე გახდა მისი ხარჯების გამო იმ დროს, როდესაც უკრაინას ფრონტისთვის სჭირდება ფული. უკრაინის ანტარქტიდის სამეცნიერო ცენტრმა დაიცვა ანტარქტიდის სადგურის ხარჯები, რომელიც ნაწილობრივ იფარება უცხოური გრანტებით: მათი სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია.
„უკრაინა ერთ-ერთია იმ რამდენიმე ათეული ქვეყნიდან, რომლებსაც ანტარქტიდაში მთელი წლის განმავლობაში მოქმედი სადგურები და ანტარქტიდის ხელშეკრულებაში ხმის მიცემის უფლება აქვთ“, - ნათქვამია ორგანიზაციის 2024 წლის მაისის განცხადებაში და დასძენს, რომ „რუსეთს ანტარქტიდაში რამდენიმე სადგური აქვს, ყველას აფინანსებს და ზოგიერთი მათგანი ომის დროსაც კი განაახლა. ის ძალიან ბედნიერები იქნება, თუ უკრაინა ანტარქტიდის შესწავლას და ხელშეკრულებაში მონაწილეობას შეწყვეტს“.
პრესსპიკერმა ოლენა მარუშევსკამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლარული კვლევის რუკაზე უკრაინის დატანის გარდა, ბაზა „რბილი ძალის“ მნიშვნელოვანი იარაღია.
„მაგალითად, ახლა ჩვენ ფართო თანამშრომლობა გვაქვს [ლათინური ამერიკის ქვეყნებთან], რომლებიც ზოგჯერ ნეიტრალური არიან“, - ამბობს ის. - „მათ არ იციან, ომში ვის მიემხრონ, ჩვენ თუ რუსეთს.“
მისი თქმით, როდესაც უკრაინა ამ ქვეყნებთან ანტარქტიკის კვლევით მისიებში თანამშრომლობს, „ისინი ჩვენთან მეტ სიახლოვეს გრძნობენ, პოლიტიკით ინტერესდებიან. სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენ გვაძლევენ ხმას“.
მარუშევსკა თვლის, რომ ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ მომენტში ბაზა „ნამდვილად მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტრუმენტად იქცა“.
