"ხელისუფლება დაკავებულია კუდიანებზე ნადირობით" - ირაკლი ჩიქოვანი ეროვნული ბანკის კანონზე
ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარეს უკვირს, რატომ დატოვა უყურადღებოდ პარლამენტის თავმჯდომარემ საფინანსო ორგანიზაციების მიმართვა და რა პასუხს გასცემს მათ პრემიერი, როცა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონი.
ამის შესახებ ჩიქოვანმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
ირაკლი ჩიქოვანის მტკიცებით, როდესაც ეს ორგანიზაციები ამბობენ, რომ ქვეყანაში გაქვთ პრობლემები, ეს ნიშნავს, რომ ამ განცხადებას მოჰყვება ინვესტიციების შეჩერება.
„თუ ინვესტიციები არ დაიძრა საქართვლოსკენ, ჩვენ რეალურად დავდგებით უფრო მძიმე სავალუტო კრიზისის წინაშე, რომელმაც შეიძლება ეკონომიკური კრახის წინაშე დაგვაყენოს,“ - ამბობს ჩიქოვანი.
რაც შეეხება ხელისუფლების მიზანს, ჩიქოვანი ამბობს, რომ „ხელისუფლება დაკავებულია კუდიანებზე ნადირობით და მთელი პრობლემის გადაბრალება ხდება ქადაგიძეზე. ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არა აქვს იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს ისეთ კანდიდატს, რომელიც იქნება ხელდასმული ხელისუფლების მიერ“.
ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მტკიცებით, ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის პიკია, რასაც ხელისუფელბა ასეთ გადაწყვეტილებამდე მიჰყავს.