ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანს ელოდებიან
ბათუმის პორტში დღეს აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსან ლაბუნის შემოსვლას ელოდებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს, რომელიც საელჩოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
ინფორმაციის თანახმად, 27-29 ივნისს ბათუმში ამერიკული ნაღმოსანი ლაბუნი (DDG-58) შემოვა.
ლაბუნი არლეი-ბერკის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანია, რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის.
"ამერიკული ნაღმოსნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების სურვილს, განამტკიცოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საერთო ამოცანების გადასაწყვეტად.
"საქართველოში ყოფნისას, ნაღმოსანი ლაბუნი საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან რუტინულ ერთობლივ მეცადინეობას ჩაატარებს და უმასპინძლებს სტუმრებს. "ლაბუნის" სტუმრობა აშშ-ის საზღვაო ძალების სხვა წარმომადგენელთა ადრინდელი ვიზიტების გაგრძელებაა და მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეერთებული შტატების პროფესიული და პერსონალური ურთიერთობების გამტკიცებას ემსახურება," - ნათქვამია განცხადებაში.
მა ინფორმაციის თანახმადვე, ლაბუნი ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკშია ბაზირებული. ის აშშ-ის მე-6-ე ფლოტის სამოქმედო არეალში რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში მრავალფუნქციურ როლს თამაშობს. ნაღმოსანი ორმხრივი და მრავალმხრივი საწვრთნელი მისიების მონაწილეა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს ოპერაციებშია ჩართული.
აშშ-ის საზღვაო ძალების გემები მონროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად შავ ზღვაში რეგულარულად მოქმედებენ.