დავით კეზერაშვილს ბრალი წარედგინა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, პროკურატურამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა.
"დღეს გამოძალვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შემდგომში ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი," - ნათქვამია განცხადებაში.
„2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული“, - განაცხადეს დღეს საგამოძიებო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე.
გამოძიების ინფორმაციით, იმ პერიოდისთვის ამ ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები. ისინი ფლობდნენ კომპანია „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ს, რომელიც 2002 წლიდან, სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. ხელშეკრულების მოქმედების ვადას 10 წელი იყო.
გამოძიების ინფორმაციით, ეს იყო ნიჟარაძეების ბიზნესი, რომელიც დავით კეზერაშვილის ინტერესის სფეროში მოექცა. პროკურატურის განცხადებით, დავით კეზერაშვილი, თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში შეხვდა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს და ძალადობის გამოყენების მუქარით კატეგორიულად მოსთხოვა ამ კომპანიებში მისი და მისი შვილის კუთვნილი წილების თავის სასარგებლოდ დათმობა.
გამოძიების მტკიცებით, პარალელურად, თამაზ ნიჟარაძის საცხოვრებელ სახლში და მის გარე პერიმეტრზე, უკანონოდ განლაგდა შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც თამაზ ნიჟარაძეს არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, ახორციელებდნენ მასზე მუდმივ თვალყურს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
როგორც საგამოძიებო ორგანოში განმარტავენ, კეზერაშვილს წილების გადაფორმება ეჩქარებოდა და ახკლო მომავალში კვლავ შეხვდა თამაზ ნიჟარაძეს რომელსაც მათი მტკიცებით, ,,სისხლის ტბების დაყენებით“ დაემუქრა.
„ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, კეზერაშვილის მუქარიდან რამოდენიმე დღეში, თამაზ ნიჟარაძემ და მისმა შვილმა ზურაბ ნიჟარაძემ „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ში (100%), ,,MISSION INVESTMENT LIMITED“-ში (60.18%), ხოლო მოგვიანებით შ.პ.ს ,,მეტალექსში“ (52.5%) არსებული კუთვნილი წილები, რომელთა ღირებულება რამოდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატებოდა, უსასყიდლოდ დათმეს დავით კეზერაშვილის მიერ კონტროლირებადი, ობშორულ ზონებში რეგისტრირებული საწარმოების ,,DAVOR HOLDING LIMITED”-ის, “AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD”-ისა და ,,STEINLORD ENTERPRISES LLP“-ის სასარგებლოდ,“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც დღეს პროკურატურის ბრიფინგზე განაცხადეს, ამ ქმედების შედეგად, თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი და მორალური ზიანი.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.