„ამ ისტერიკის მონაწილე ვერ გავხდები“, - თინა ხიდაშელი პარლამენტში დაბარებაზე
თავდაცვის მინისტრი მის პარლამენტში დაბარებას ვირტუალურს უწოდებს. თინა ხიდაშელი მოუწოდებს დეპუტატებს, განცხადებები ამ საკითხზე მხოლოდ ოფიციალური მიმართვის შემდეგ გააკეთონ.
თავად კი იმ საკითხზე, რაზეც მისგან დეპუტატებს პასუხები აინტერესებთ, საუბარს არ გეგმავს.
„მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და დღეს მისი თავდაცვის მინისტრი ვარ. ჩემი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკოსი საქართველოში იმავე პრინციპებით ხელმძღვანელობს. ამიტომ ამ ჭორაობაში ჩართვას, რომელიც მხოლოდ არაკეთილგანწყობილი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, არ ვაპირებ. არც ეს ისტერია მესმის, რომელიც ატეხილია, რომ პარლამენტში მიბარებენ.
მე არ მესმის დაბარება ვირტუალური. ნდობის ჯგუფის სხდომა გამაგებინონ როდის არის, რომელ საათზე, სად - თილისში, თუ ქუთაისში და მერე მოაწყონ ისტერიკა იმაზე, რომ თურმე სადღაცას დაბარებული ვყავარ, თუ უარს ვიტყვი იქ მისვლაზე. გავიგე, რომ ადამიანებს მოთხოვნილება აქვთ ისტერიკაში იყონ, მაგრამ ამ ისტერიკის მონაწილე ვერ გავხდები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.