ვერსიები და შეფასებები გაზპრომის ფარულ მოლაპარაკებებზე
კალაძე-მილერს შორის ბრიუსელში გამართული შეხვედრის გახმაურების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მხრიდან გაზპრომთან ფარულ მოლაპარაკებაზე რამდენიმე განსხვავებული ვერსია გაჟღერდა.
მმართველი გუნდის ნაწილის ინფორმაციით, გაზპრომის პრეზიდენტთან გასაიდუმლოებული შეხვედრის თემა სომხეთისკენ ბუნებრივი აირის ტრანზიტის ტექნიკური დეტალები იყო. ნაწილი კი მოლაპარაკებების მიზეზად ქართული ბაზრის დივერსიფიკაციის აუცილებლობას ასახელებს.
ქართულ-რუსული მოლაპარაკებების შესახებ კიდევ ერთი ვერსია კომერციული გაზის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა გააჟღერა.
რუსული გაზის საქართველოში დაბრუნების საკითხზე გახსნილ მწვავე დისკუსიაში პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხელისუფლების განმარტებები საკმარისი არ არის.
გაზპრომთან დაწყებული მოლაპარაკებების კრიტიკოსებს შორის ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებიც არიან.
ექსპერტები ამბობენ, რომ ქართული ბაზარი ამ ეტაპზე გაზის დამატებით რესურსს არ საჭიროებს. ბაზრის დივერსიფიკაციის აუცილებლობის შემთხვევაშიც კი გაზპრომი ალტერნატივად არ უნდა განიხილებოდეს.
საქართველოს რუსულ გაზს ფაქტობრივად არ მოიხმარს. გაზპრომისგან საქართველო ბუნებრივ აირს მხოლოდ რუსეთ-სომხეთის ტრანზიტისთვის იღებს.
მსოფლიო ბაზარზე რუსული გაზის მაქსიმალური ღირებულება თითქმის 600 დოლარს აღწევს, მინიმალური კი, რომლითაც სომხეთი და ბელარუსი სარგებლობს, აზერბაიჯანული გაზის ტარიფს, მინიმუმ, 25 დოლარით აღემატება.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე