გაზპრომთან მოლაპარაკებით რუსეთი ქართული სუვერენიტეტის ნიადაგის მთლიანად გამოცლას შეძლებს - დავით დარჩიაშვილი
გაზპრომის წინააღმდეგ აქციას სახელწმიფო კანცელარიასთან პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ, რომლებიც ხელისუფლებას რუსეთთან დაწყებული მოლაპარაკებების გამო საყვედურობენ და ამბობენ, რომ მთავრობას სურს, ყველაზე დიდი ბერკეტი მოსკოვს ხელში ჩაუგდოს.
ამის შესახებ კურიერთან განცხადება ნაციონალური მოძრაობის წვერმა, დავით დარჩიაშვილმა, გააკეთა.
„ამ ეტაპზე დიდი ალბათობა გაჩნდა იმისა, რომ საკუთარი ხელისუფლების გამოყენებით რუსეთმა გააკეთოს ბევრად მეტი, ვიდრე ცალკეული ტერიტორიების ოკუპირებაა. ანუ მთლიანად ქართული სუვერენიტეტის ნიადაგის გამოცლა მოახერხოს და საქართველო კვლავ გახადოს სატელიტი ქვეყანა, მიწებებული მოსკოვზე. ამის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი სწორედ რუსეთის ენერგოიმპერიაა, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ მოკლე პერიოდში საქართველოსთვის ბევრი ზიანის მოტანა შეუძლია,“ - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
აქციაზე ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც გაზპრომთან ფარულ მოლაპარკებას ქვეყნის ღალატს უწოდებენ.
„გაზპრომის გაზს მოჰყვება პუტინის სუნი და ეს არის დამტკიცებული ფაქტი მთელს მსოფლიოში. იმ ჭირიდან, რომელსაც ჰქვია გაზპრომი, ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა დღესაც ცდილობს თავის დაღწევას. ჩვენ კი ეს გასულ წლებში მოვახერხეთ და ახლა ამ პროცესის უკან დაბრუნება არის მტრობა და საკუთარი ქვეყნის ღალატი,“ - აცხადებს გოგა ხაჩიძე.