მინისტრთა კაბინეტის წევრები NDI-ის კვლევის შედეგებს "დემოკრატიული ხარისხის გაზრდას" უკავშირებენ
NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 61%-თვის მისაღები. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2012 წლის შემდეგ. მომატებულია მათი რაოდენობაც, ვისთვისაც ეს მიზანი მიუღებელია. ასე გამოკითხულთა 21% ფიქრობს.
მინისტრთა კაბინეტის წევრები შედეგებს "დემოკრატიული ხარისხის გაზრდას" უკავშირებენ, რომლის თანახმადაც "საქართველოს მოქალაქეები უფრო ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს".
„საქართველოში ისეთი დემოკრატიული სივრცე შეიქმნა, რომ ადამიანებს საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირების აღარ ეშინიათ და ჩრდილიდან გამოვიდნენ. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რომ ყველა ევროპული ძალების კონსოლიდაცია მოახდინოს, რათა ცალსახად და მკაფიოდ შეახსენოს საზოგადოებას, რომ ჩვენ უკვე ვიყავით ამ სივრცეებში, სადაც რუსეთი იყო დომინანტი, მაგრამ რაც მივიღეთ, ვნახეთ,“ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
კულტურის მინისტრი კი დარწმუნებულია, რომ მოსახელობის უმრავლესობა ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერია და, NDI-ის კვლევის შედეგების მიუხედავად, პოზიციები ამ მხრივ შეცვლილი არ არის.
ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ NDI-ის კვლევის შედეგები ხელისუფლების ბოლო 3-წლიანი მმართველობის შედეგია.
ამის შესახებ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, აკეთებს.
„საზოგადოების დიდი ნაწილი მკაფიოდ ხედავს, რომ მთავარი საფრთხე რუსეთია და სურთ, რომ რუსეთს ჩვენს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, რაც შეიძლება, ნაკლები გავლენა ჰქონდეს. ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, წახალისების შედეგად, პირდაპირი ხელშეწყობის შედეგად, გააქტიურებულია ის ჯგუფი, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად დამანგრეველ მომავალს, ანუ რუსეთის ჭაობში ჩაფლობას ქადაგებენ,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის შეცვლასა და ევროპული კურსის კუთხით გააქტიურებას ურჩევს არასამთავრობო სექტორიც.