გათავისუფლებული თანამშრომლების აქციის ფონზე ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაიხსნა
გათავისუფლებული თანამშრომლების აქციის ფონზე ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაიხსნა. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნამდე, ქუთაისში ერთ-ერთი საწარმოს 40 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
უსამსახუროდ დარჩენილმა ადამიანებმა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება აქციით გააპროტესტეს და სამსახურში აღდგენა მოითხოვეს.
მათი განმარტებით, გათავისუფლების მიზეზი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა გახდა.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას, განმარტებით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნისას ფირმებმა რეგისტრაცია ხელახლა უნდა გაიარონ, რაც შესაბამისად ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას გულისხმობს.
მისივე თქმით, არც ერთი თანამშრომლის გათავისუფლება არ იგეგმება.
გათავისუფლებულ თანამშრომლებს არავინ შეხვედრია. აქციიდან 2 საათში კი ჰუალინგ ჯგუფის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნის ცერემონია გაიმართა.
ღონისძებას ჩინეთის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინდუსტრიული ზონა 10 წლით 36 ჰექტარ ფართობზე დაწესდა. ჩინურმა კომპანიამ 40 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.