აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ ადამიანებზე, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს, იყო მოსამართლე - კახა კოჟორიძე
"აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ ადამიანებზე, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს, იყო მოსამართლე," - ეს განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ, თოქ-შოუ არჩევანის პირდაპირ ეთერში მოსამართლეების არჩევის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გააკეთა.
"მე ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით. საქართველოს სტრატეგიული მიზანი არის ძლიერი დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო ხელისუფლების შექმნა. ყველაზე მთავარი და ამოსავალი, რაც გასაკეთებელია, ეს არის ინდივიდუალური მოსამართლე და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ვერც ერთი რეფორმა ვერ იქნება გარანტი სასამართლოს მიუკერძოებლობის, თუ კანონთან ერთად სისტემა არ შეეცადა ამას თავად. მოსამართლეების შერჩევა უნდა მოხდეს ობიექტური კრიტერიუმებით. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ ადამიანებზე, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს იყო მოსამართლე და გადაწყვიტო ადამიანების ბედი. აქ მარტო კარგ იურისტობაზე არ არის საუბარი. გასაგებია, რომ ხელისუფლება შეიძლება მიისწრაფოდეს, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენა მოეხდინა წარსულში. სისტემური პრობლემები იყო და ამას ვერ შევცვლით. მთავარი არის ის, როგორ იქცევა მოსამართლე, ის არის მიმყოლი და დამჯერი, თუ პრინციპულად იღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს. ნათქვამია, სჯობს, გვქონდეს ცუდი კანონები და გვყავდეს კარგი მოსამართლე," - აცხადებს კახა კოჟორიძე.
