კელი დეგნანი: ნათელია, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ საქართველოსა და დასავლეთს შორის მტკიცე პარტნიორობას
„ნათელია, რომ საქართველოში ბოლო 6-8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს კამპანია, რომლითაც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ საქართველოსა და დასავლეთს, საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მტკიცე პარტნიორობას“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების გზაზე დიდი პროგრესი აქვს და ეს გზა უნდა გაგრძელდეს.
„ეს ეწინააღმდეგება მკაფიო არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა. ხალხმა, რომელმაც მკაფიოდ აირჩია ევროპისკენ სვლა. ხალხს ევროპული მომავალი სურს, ხალხს უნდა ძლიერი დემოკრატია და აყვავებული ეკონომიკა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული რუსეთზე.
საქართველოს რეალური პროგრესი აქვს რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების გზაზე. ეს უნდა გაგრძელდეს. არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ საქართველო რუსეთზე დამოკიდებული იყოს ვაჭრობისთვის, უსაფრთხოებისა თუ ნებისმიერი სხვა მიზეზით. საქართველოს კარგი მეგობრები ჰყავს, ჩვენ ყველას გვჭირდება კარგი მეგობრები. მე ვფიქრობ, რომ მათ, ვინც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ამ ძლიერ მეგობრობას, რომელიც საქართველოს აშშ-სთან, ევროკავშირსა და სხვა ბევრ ქვეყანასთან აქვს, უნდა გაიგონ ქართველი ხალხისგან, რომ ეს მიუღებელია. თქვენი არჩევანი, თქვენი მომავალი თქვენ გეკუთვნით“, – განაცხადა დეგნანმა.