BBC: სენატორი ბობ მენენდესი ქრთამის აღების ბრალდების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა
ამერიკელმა ვეტერანმა სენატორმა, ბობ მენენდესმა ქრთამის აღების ბრალდების გამო, ამ საკითხის გადაწყვეტამდე დროებით პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ BBC წერს.
იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორები ამტკიცებენ, რომ მენენდესმა და მისმა მეუღლემ, ნადინ არსლანიანმა ასობით ათასი დოლარის ქონება ეგვიპტის მთავრობისთვის დახმარების სანაცვლოდ მიიღეს.
„2022 წლის ზაფხულში ფედერალურმა აგენტებმა ბ-ნი მენენდესის სახლში ჩხრეკისას მექრთამეობის შეთანხმების შესახებ მტკიცებულებები იპოვეს. მათ შორის 480 000 დოლარზე მეტი (390 000 ფუნტი) ნაღდი ფული, რომლის დიდი ნაწილი ჩაყრილი იყო კონვერტებში და დამალული იყო ტანსაცმელში, კარადებში და სეიფში”, – აცხადებენ პროკურორები.
ისინი ამერიკელ სენატორს ასევე ქრთამის სახით ძვირად ღირებული ოქროს ზოდებისა და მანქანების მიღებაშიც ადანაშაულებენ. წყვილი ბრალდებას უარყოფს. თავად მენენდესი ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
„წლებია, კულისებში ძალები ცდილობდნენ ჩემს გაჩუმებას და ჩემთვის „პოლიტიკური საფლავის გათხრას““, – თქვა მან ვრცელ განცხადებაში.
69 წლის ბობ მენენდესი კონგრესში 2006 წლიდან მსახურობს. ნიუ ჯერსის კანონის თანახმად, თუ ბატონი მენენდესი სენატიდან გადადგება, გუბერნატორი მისი ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, დროებით შემცვლელს დანიშნავს. მაგრამ ნებისმიერი შეფერხება გადადგომასა და დროებით დანიშვნას შორის, შეიძლება ხელისშემშლელი იყოს დემოკრატებისთვის სენატში, რომელსაც ისინი ერთი ადგილის სხვაობით აკონტროლებენ.
ბობ მენენდესი, მისი მეუღლე და მათი სამი თანაბრალდებული მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში 27 სექტემბერს გამოცხადდებიან.