მერია თბილისობაზე 3,140 მლნ ლარს დახარჯავს
თბილისის მერია 2023 წლის თბილისობაზე 3 140 175 ლარის დახარჯვას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისობა 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადი 16 აგვისტოს აიტვირთა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, „2023 წლის თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, ორბელიანის მოედანზე, რიყის პარკში და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მრავალფეროვანი ღონისძიებების გამართვას გეგმავს, რომელიც კულტურულ, სპორტულ, საბავშვო და სხვადასხვა სანახაობრივ აქტივობას გააერთიანებს.
აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება სხვადასხვა მოცულობითი ინსტალაცია, თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, მრავალფეროვანი დეკორაციები/ბუტაფორია/რეკვიზიტი, ავეჯი საბავშვო სივრცისთვის, ღვინის ზონა, ფრანების ხეივანი. გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენები/პერფორმანსები,საუბრები ეზოებში.
მოეწყობა მრავალფეროვანი საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამეწარმეო და კვების სივრცეები, გასტრონომიული ზონები, ტკბილეულის ფესტივალი, გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“ და „გაუსინჯე თბილისს გემო/Taste Tbilisi“, რომლის ფარგლებში, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და გასტრონომიული ინდუსტრიის ხელშეწყობა, ადგილობრივი მცირე და საშუალო ტიპის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია. ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება საზეიმო კონცერტი – თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“. – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
თბილისის მერიამ თბილისობის ღონისძიების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების გადაწყვეტილება ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე მიიღო. „ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, მერიაში მიაჩნიათ, რომ დაგეგმილი ღონისძიებები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, ამიტომ მისი ჩატარება საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, ვინაიდან გათვალისწინებული უნდა იყოს მრავალი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი.
„2023 წლის თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების, ისევე, როგორც ზოგადად სხვა კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად ინტელექტუალურ მომსახურებასთან და ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია ვიზუალური დეტალები, ლოკაციის თავისებურებები, რის გამოც შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ადგილზე უწევთ არსებულ დიზაინში, კონფიგურაციასა და გაფორმების დეტალებში ცვლილებების შეტანა. ღონისძიების ჩატარება შეზღუდულ ვადებში უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა შეუძლებელია, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე.დაგეგმილი ღონისძიებების მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით და მათი მაღალ დონეზე და შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამასთან, ღონისძიებებისა და კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის მერია “თბილისობის” დღესასწაულს თითქმის ყოველ წელს გამარტივებული შესყიდვით ახორციელებს. გასულ წელს აღნიშნულ ღონისძიებებზე გამარტივებული წესით 3, 050 მლნ ლარი დაიხარჯა.