ყაზახეთში სასამართლომ კანონიერად ცნო საგარეო საქმეთა სამინისტროს უარი რთე/რთ-ის ჟურნალისტების აკრედიტაციაზე
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანის ადმინისტრაციული საქმეების სპეციალიზებულმა რაიონთაშორისმა სასამართლომ უარყო რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) მიერ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მედიაკორპორაციის შვიდი ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
„სასამართლომ დაასკვნა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება კანონიერი იყო და, შესაბამისად, სარჩელი უარყოფილ იქნა“, განაცხადა მოსამართლემ.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ უარი უთხრა შვიდ, შემდეგ კიდევ ცხრა ჟურნალისტს რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურიდან. რადიო თავისუფლების წარმომადგენლობამ სასამართლოს მიმართა და სარჩელში მიუთითა, რომ მან დროულად გაუგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების აკრედიტაციის განაცხადები და სხვა საჭირო დოკუმენტები.
დღეს სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება შვიდი ჟურნალისტისგან შემდგარი პირველი ჯგუფის შესახებ და ამით მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. სამინისტროს პრესსპიკერმა ასელ მამაშევამ განაცხადა, რომ რადიო თავისუფლების თანამშრომლები მათი განაცხადების განხილვის პერიოდში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდნენ და ამით არღვევდნენ კანონს „მასმედიის შესახებ“.
2024 წელს მიღებული კანონი „მასმედიის შესახებ“ უცხოურ მედიასა და უცხოელ ჟურნალისტებს უკრძალავს აკრედიტაციის გარეშე ქვეყანაში მუშაობას. სასამართლოში რადიო თავისუფლების ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მედიაორგანიზაციის თანამშრომლები ყაზახეთის მოქალაქეები არიან და არა უცხოელი ჟურნალისტები.
სასამართლოში ამას „სუსტი“არგუმენტები უწოდეს. მოსამართლის თქმით, უცხოელი ჟურნალისტი „არის ნებისმიერი პირი, რომელიც უცხოურ მედიასაშუალებასთან სახელშეკრულებო ან სხვა ურთიერთობაშია“.
რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ კაპუსმა ადრე განაცხადა, რომ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება პირდაპირ არღვევს მედიაკორპორაციის თანამშრომლების უფლებას, თავისუფლად იმუშაონ საკუთარ ქვეყანაში. „ჩვენი ჟურნალისტები ავრცელებენ დამოუკიდებელ, ფაქტებზე დაფუძნებულ მასალებს, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება“, თქვა მან.
2022 წელს ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე თქვა უარი რადიო თავისუფლების 36 თანამშრომლისთვის აკრედიტაციის გაგრძელებასა და გაცემაზე. ყაზახეთში მედიაკორპორაციის წარმომადგენლობამ სარჩელი შეიტანა უწყების წინააღმდეგ, რომელმაც თავდაპირველად უარი თქვა შერიგების პროცედურებზე, მაგრამ მხარეებმა მოგვიანებით შეთანხმებას მიაღწიეს. 2024 წლის გაზაფხულზე ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლების თანამშრომლებისთვის აკრედიტაციების გაცემა განაახლა.