ნეთანიაჰუს თქმით, დაიწყება მოლაპარაკება ყველა მძევლის გათავისუფლებისთვის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გასცა ბრძანება მოლაპარაკების დაწყებაზე ყველა მძევლის გათავისუფლებასა და ღაზის სექტორში ომის დასრულებაზე, „ისრაელისთვის მისაღები“ პირობებით.
მანვე აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ქალაქ ღაზაზე მასშტაბური შეტევის გეგმა, ფართო საერთაშორისო და ადგილობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად.
17 აგვისტოს ათიათასობით ადამიანი გამოვიდა თელ-ავივის ქუჩებში ომის დასრულებისა და ტყვეობაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის მოთხოვნით.
ჰამასი (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ ორგანიზაციად) ორშაბათს დასთანხმდა კატარისა და ეგვიპტის შუამავლების წინადადებას ცეცხლის 60 დღით შეწყვეტაზე, რაც კატარის განცხადებით, ითვალისწინებს ღაზაში დარჩენილი მძევლების ნახევრის გათავისუფლებას.
თუმცა ნეთანიაჰუმ შეთავაზება უარყო და როგორც ისრაელის მედია იტყობინება, მომლაპარაკებლებს ისრაელი შესაბამისი ადგილის განსაზღვრის შემდეგ გაგზავნის.
ამის გამო ჰამასმა ნეთანიაჰუ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტაზე შუამავლების წინადადების უგულებელყოფასა და შეთანხმების მიღწევისთვის დაბრკოლებების შექმნაში.
გასულ შაბათს ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისრაელი ჰამასის წინადადებას დათანხმდება ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შემთხვევაში, ომის დასრულების პირობები კი მოიცავს ჰამასის განიარაღებას, ღაზის დემილიტარიზაციას და ისრაელის მიერ დადგენილი მისი პერიმეტრის კონტროლს, რომელიც განსხვავებულია პალესტინის ადმინისტრაციისა და ჰამასის მიერ დადგენილისგან.
ორი მოწინააღმდეგე მხარე - ისრაელი და ჰამასი - ომის განმავლობაში პერიოდულად აწარმოებდა არაპირდაპირ მოლაპარაკებებს, რის შედეგადაც შედგა ორი მოკლევადიანი ზავი, რომელთა დროსაც ისრაელელი მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ. საბოლოოდ მათ ვერ შეძლეს შეთანხმება, რომ ცეცხლი ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეეწყვიტათ.
კატარი და ეგვიპტე, აშშ-ის მხარდაჭერით, შუამავლობენ დიპლომატიური შეხვედრების დროს.
2023 წლის ოქტომბერში ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს აყვანილი 251 მძევლიდან 49 ჯერ კიდევ ღაზაში იმყოფება, მათ შორის 27, ისრაელის სამხედროების თქმით, გარდაცვლილია.
ჰამასის ამ ოპერაციას, რომლის დროსაც 1200 ადამიანი დაიხოცა, მოჰყვა ისრაელის სახმელეთო და საჰაერო იერიშები, რომლებიც დღესაც გრძელდება და რომლებსაც, პალესტინის მხარის ცნობით, სექტორში 62 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.