საელჩოს თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ აცნობეს
თურქეთში საქართველოს საელჩო იუწყება, რომ მათთან შევიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. თურქეთის ქ.ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის, ო.ც.-ს, დაღუპვა საელჩოს თვითმხილველმა აცნობა.
„საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მიწისძვრის შედეგად თურქეთის ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ პირველი ცნობა რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
დღეს, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო. თავდაპირველად თურქული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მიწისძვრა 7,4 მაგნიტუდის იყო, მოგვიანებით კი დააზუსტეს, რომ - 7,7-ის. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი.
თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 2300-მდე გაიზარდა. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის მონაცემი კვლავ მნიშვნელოვნად მოიმატებს, იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს აქტიური სამაშველო სამუშაოები ნანგრევებიდან ადამიანთა გამოსაყვანად.
თურქეთი იუწყება სულ მცირე 1500 მსხვერპლზე, კიდევ 800-მდე ადამიანი დაიღუპა სირიაში, მეამბოხეთა და მთავრობის მიერ კონტროლირებულ მიწებზე - აცხადებენ სახელმწიფო მედია და ექიმები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.