„ვაგნერი“ ბახმუტის მახლობელი სოფლის დაკავებას იტყობინება, რუსულ მხარეს მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა
![„ვაგნერი“ ბახმუტის მახლობელი სოფლის დაკავებას იტყობინება, რუსულ მხარეს მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა](https://gdb.rferl.org/82573e38-533c-425c-aab7-7e878578baca_cx0_cy13_cw0_w800_h450.jpg)
რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისმა მეომრებმა დაიკავეს აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტის მახლობლად, მის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი, კრასნა ჰორა.
ტელეგრამის არხით გავრცელებულ ცნობაში, „ვაგნერის“, დამაარსებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაწერა: „დღეს დასახლება კრასნა ჰორა აიღეს კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მოიერიშე ძალებმა“.
გავრცელდა პოსტი, სადაც ჩანს კრასნა ჰორის შესასვლელში „ვაგნერის“ მეომრები. რადიო თავისუფლებას არ შეუძლია დაადასტუროს პრიგოჟინის მტკიცება, რომ „ვაგნერმა“ აიღო სოფელი, სადაც დაახლოებით 600 ადამიანი ცხოვრობს.
რუსეთის ჯარმა, რომელიც „ვაგნერით“ არის გაძლიერებული, ქალაქი ბახმუტი აღმოსავლეთით იერიშის საკვანძო მიზნად აქცია. პრიგოჟინმა 12 თებერვალს დაიპირა, რომ „ვაგნერი“ აიღებს ქალაქს, რომელიც მდებარეობს მნიშვნელოვანი გზატკეცილების გასწვრივ და უკვე რამდენიმე თვეა იერიშის სამიზნეა.
უკრაინის არმიის თანახმად, მისმა მეომრებმა შეინარჩუნეს პოზიცია ფრონტის ხაზის გასწვრივ და ზოგიერთ არეალში დაკარგული პოზიციები კვლავ დაიბრუნეს. უკრაინის სამხედროთა თანახმად, ისინი ცდილობენ ბახმუტთან ფრონტის ხაზის სტაბილიზებას. მათ 12 თებერვალს მოიგერიეს რუსეთის ჯარის 11 იერიში ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში ბოლო 24 საათის განმავლობაში.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა, უკრაინის სამხედრო სტატისტიკაზე დაყრდნობით, თვლის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები იზრდება და მან ბოლო ორ კვირაში, დღიურად 820-ს მიაღწია. არსებობს ვარაუდი, რომ დანაკარგების ასეთი მაღალი მაჩვენებელი მათ არ ჰქონიათ უკრაინაში შეჭრის პირველ კვირაშიც კი.
11 თებერვალს რუსეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ „მასირებული თავდასხმა“ განახორციელეს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და შეძლეს სახმელეთო გზების ბლოკირება, რათა ხელი შეუშალონ დასავლეთიდან იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის.