თურქეთში, მიწისძვრის რეგიონში, ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრები
თურქეთის და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მევლუთ ჩავუშოღლუი და ნიკოს დენდიასი, ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მიწისძვრის რეგიონში.
ბერძენი მინისტრის ჩასვლა თურქეთში ე.წ. „მიწისძვრის დიპლომატიის“ ახალი რაუნდია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ხშირად ცივი და ლამის მტრულია ხოლმე.
1999 წელს, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, როცა 18 ათასი ადამიანი დაიღუპა, ერთ თვეში, საბერძნეთშიც, ათენში იყო შედარებით სუსტი მიწისძვრა, რომელსაც 143 ადამიანი ემსხვერპლა. ორივე შემთხვევაში მხარეებმა ერთმანეთს დახმარება აღმოუჩინეს. მანამდე ორი ქვეყანა ერთმანეთს დაუპირისპირდა ეგეოსის ზღვაში წიაღისეულის საბადოების გამო. ანკარასა და ათენს შორის უთანხმოებაა, ვის ეკუთვნის წიაღისეულით მდიდარი არეალი.
ახლა ჩავუშოღლუმ გაიხსენა წერილი, რომელიც მან, მაშინ როგორც კერძო პირმა, გაუგზავნა ჟურნალ TIME-ს.
„მაშინ ვთქვი, რომ არ უნდა დაველოდოთ მორიგ მიწისძვრას, რათა ურთიერთობა გავაუმჯობესოთ. ახლა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიმეორებ, რომ ჩვენი ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ“ - თქვა ჩავუშოღლუმ. დენდიასის სიტყვებით, ის მთლიანად უერთდება მასპინძლის ნათქვამს: „არ უნდა დაველოდოთ სტიქიურ უბედურებას ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის“.
ჩავუშოღლუმ მადლობა გადაუხადა ბერძენ სტუმარს გაწეული დახმარებისთვის და თქვა, რომ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა დიალოგი. დენდიასმა თურქეთს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა ორმხრივად და ევროკავშირის ჩარჩოებშიც.
თურქეთის ანთაქიის და ჰათაის რეგიონებში, რომლებიც ძლიერ დააზარალა მიწისძვრამ, სამაშველო სამუშაოებში ჩაბმული არიან საბერძნეთიდან ჩასული რაზმები. დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა. 12 თებერვლის ინფორმაციით დაღუპულთა რიცხვმა 33ათასს გადააჭარბა, იტყობინება სი-ენ-ენი.