New York Times-ი: ბახმუტისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარეს რუსეთის ასობით მოქალაქე იბრძვის
ბახმუტისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარეს ასობით რუსი იბრძვის. ამის შესახებ New York Times-ი იტყობინება. აგვისტოში უკრაინამ დაუშვა „თავისუფალი რუსეთის ლეგიონის“ შექმნა. მასში რუსეთის მოქალაქეები არიან გაერთიანებული.
ლეგიონის წევრთა ნაწილი რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდეც ცხოვრობდა უკრაინაში, სხვები კი საკუთარი მორალური მრწამსის ან რუსეთის რეჟიმის მიმართ შეუწყნარებლობის გამო ჩავიდნენ უკრაინის დასახმარებლად.
ლეგიონს ხელმძღვანელობს უკრაინელი ოფიცერი. გაწევრიანების მსურველი რუსების შესახებ ინფორმაციას გულდასმით ამოწმებენ.
რუსეთის ჯარმა, რომელიც „ვაგნერით“ არის გაძლიერებული, ქალაქი ბახმუტი აღმოსავლეთით იერიშის საკვანძო მიზნად აქცია. პრიგოჟინმა 12 თებერვალს დაიპირა, რომ „ვაგნერი“ აიღებს ქალაქს, რომელიც მდებარეობს მნიშვნელოვანი გზატკეცილების გასწვრივ და უკვე რამდენიმე თვეა იერიშის სამიზნეა.
უკრაინის არმიის თანახმად, მისმა მეომრებმა შეინარჩუნეს პოზიცია ფრონტის ხაზის გასწვრივ და ზოგიერთ არეალში დაკარგული პოზიციები კვლავ დაიბრუნეს. უკრაინის სამხედროთა თანახმად, ისინი ცდილობენ ბახმუტთან ფრონტის ხაზის სტაბილიზებას. მათ 12 თებერვალს მოიგერიეს რუსეთის ჯარის 11 იერიში ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში ბოლო 24 საათის განმავლობაში.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა, უკრაინის სამხედრო სტატისტიკაზე დაყრდნობით, თვლის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები იზრდება და მან ბოლო ორ კვირაში, დღიურად 820-ს მიაღწია. არსებობს ვარაუდი, რომ დანაკარგების ასეთი მაღალი მაჩვენებელი მათ არ ჰქონიათ უკრაინაში შეჭრის პირველ კვირაშიც კი.
აშშ-ის სტრატეგიული საერთაშორისო კვლევის ცენტრის მრჩეველმა, გადამდგარმა პოლკოვნიკმა მარკ კანსიანმა AFP-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბახმუტისთვის ბრძოლას უწოდა „ხანგრძლივი, სისხლიანი და უაზრო“.
კანსიანის აზრით, რუსეთის ჯარებმა რომც მოახერხონ ქალაქზე კონტროლის დაწესება, „ეს არაფერს ნიშნავს არც ოპერატიული, არც სტრატეგიული თვალსაზრისით“.