The Guardian-ი: ნოემბერში ირანმა რუსეთს საიდუმლოდ მიაწოდა მინიმუმ 18 შორი რადიუსის დრონი
ნოემბერში ირანმა რუსეთს საიდუმლოდ მიაწოდა შორი რადიუსის მინიმუმ 18 შეიარაღებული დრონი უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Guardian-ი იტყობინება ირანულ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც ინფორმირებული არიან უპილოტო საფრენი აპარატების გაყიდვის, მათი ტექნიკური შესაძლებლობებისა და წარმოების თავისებურებების თაობაზე.
გაზეთის თანამოსაუბრის სიტყვებით, რუსეთმა მიიღო ექვსი ერთეული დრონი Mohajer-6. მათი ფრენის სიშორე დაახლოებით 200 კილომეტრია და ორ-ორი რაკეტის ტარება შეუძლიათ თითო ფრთის ქვეშ. მოსკოვს გადასცეს ასევე თორმეტი დრონი Shahed-191 და Shahed-129 მოდიფიცირებული გერმანული ძრავებით. მათ შეუძლიათ ბომბების ჩამოყრა და ბაზაზე დაბრუნება. უპილოტო საფრენი აპარატების უდიდესი ნაწილი საიდუმლოდ დაიტვირთა რუსულ კატარღაზე კასპიის ზღვაში, დანარჩენები ირანის სახელმწიფო ავიაკომპანიით გაიგზავნა, აზუსტებენ ბრიტანული გაზეთის წყაროები.
ასევე, გაზეთის თანამოსაუბრეთა თქმით, ირანმა მოსკოვში 54 ტექნიკური სპეციალისტი გაგზავნა: სამ-სამი ყოველი უპილოტო საფრენი აპარატისთვის, რათა მათ დახმარება გაეწიათ დრონების ექსპლუატაციის დაწყებაში. როგორც იტყობინებიან, უკანასკნელი დრონი რუსეთმა 20 ნოემბერს მიიღო.
წყაროები აღნიშნავენ, რომ დრონები გაიგზავნა მას შემდეგ, რაც ნოემბერში ირანში გაიმართა რუსეთის ათკაციანი დელეგაციის ვიზიტი. ამის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა პირველად აღიარა რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება. გაზეთი არ აზუსტებს, ვინ შედიოდა დელეგაციაში.
მაგრამ ცნობილია, რომ აბდოლაჰიანის აღიარებიდან ოთხ დღეში თეირანში ვიზიტით ჩავიდა რუსეთის დელეგაცია უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის ხელმძღვანელობით. ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისთან მოლაპარაკებებზე პატრუშევმა ისაუბრა რუსეთ-ირანის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო პრობლემაზე,“ წერდა გაზეთი „კომერსანტი“.