WHO-მ შეაჩერა COVID-19-ის წარმომავლობაზე კვლევა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის წარმომავლობის თაობაზე კვლევის მეორე ფაზა შეაჩერა ჩინეთში მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერკჰოვემ განაცხადა.
ვან კერკჰოვემ აღნიშნა, რომ WHO-ს ხელმძღვანელი ტედროს ღებრეიესუსი განაგრძობს კონტაქტებს ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა ვირუსის თაობაზე მონაცემების გაზიარებაზე დაიყოლიოს პეკინი. ორგანიზაციის თანამშრომლები ასევე დაუკავშირდნენ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რათა მოეგვარებინათ თანამშრომლობა.
როგორც ჟურნალი Nature-ი წერს, COVID-19-ის წყაროს თაობაზე ინფორმაციის შესაგროვებლად ძალზე დიდი დრო გავიდა. ამასთან, მეცნიერებს საკმაო ინფორმაცია მოეპოვებათ საიმისოდ, რათა მომავალში თავიდან აიცილონ ეპიდემიის შესაძლო აფეთქებები.
COVID-19-ით დაავადების პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ უჰანში დაფიქსირდა 2019 წლის ბოლოს, რის შემდეგაც ის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.
2021 წელს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში WHO-ს სპეციალისტთა ვიზიტის შემდეგ ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ლაბორატორიიდან COVID-19-ის გაჟონვა „ნაკლებად არის სავარაუდო“. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დაავადება ადამიანებს სავარაუდოდ ღამურებისგან გადაეცათ. სერიოზული კრიტიკის შემდეგ, მათ შორის საკუთარი კოლეგების მხრიდან, WHO-ს ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ლაბორატორიიდან დაავადების გაჟონვის ვერსიის გამორიცხვა ნაადრევია.
ჩინეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ „უსაფუძვლოა“ იმის მტკიცება, რომ COVID-19 ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელდა. პეკინი ამავე დროს აცხადებდა, რომ ვირუსი გაჩნდა აშშ-ში, სადაც ასევე იკვლევდნენ კორონავირუსს.
პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული დღემდე COVID-19 თითქმის 700 მილიონ ადამიანს დაუდგინდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 7 მილიონს უახლოვდება.