პოლონეთის პრეზიდენტი: თუ უკრაინას არ დავეხმარეთ, რუსეთი გაიმარჯვებს და მსოფლიოში მშვიდობა არ იქნება
![პოლონეთის პრეზიდენტი: თუ უკრაინას არ დავეხმარეთ, რუსეთი გაიმარჯვებს და მსოფლიოში მშვიდობა არ იქნება](https://gdb.rferl.org/01000000-0aff-0242-f5b0-08db10f112cd_w800_h450.jpg)
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც 17 თებერვალს დაიწყო და სამ დღეს გასტანს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მოუწოდა ყველას უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ.
დუდამ თქვა, რომ უკრაინისთვის დახმარების გარეშე რუსეთი გაიმარჯვებს და მსოფლიოში მშვიდობა არ იქნება.
დუდა, ე.წ. „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში, შეხვდა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. შოლცმა და მაკრონმა ასევე ცხადად გამოთქვეს აზრი, რომ რომ უკრაინისთვის დახმარება მნიშვნელოვანია.
სამეულის შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე რუსეთის წინააღმდეგ მომავალ სანქციებსა და თავდაცვის მრეწველობის საკითხებზე. „ვაიმარის სამკუთხედი“ დაარსდა 1991 წელს. ეს არის სადისკუსიო ფორუმი, რომელშიც გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი კოორდინაციას უწევენ მნიშვნელოვან საკითხებს.
17 თებერვალს მიუნხენის შეხვედრის მონაწილეებისადმი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეტი იარაღი მოითხოვა და განაცხადა, რომ „უკრაინის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს“. მან დაიჩივლა იმის გამო, რომ ფერხდება უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.
მიუნხენის რიგით 59-ე უსაფრთხოების კონფერენციას არ ესწრებიან რუსეთის და ირანის წარმომადგენლები.
მასზე ჩასულია 40-მდე ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაური, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.