ალექსანდრე თვალჭრელიძე: თუ რუსეთმა ომი წააგო, ჩვენი ხელისუფლების რიტორიკა მყისიერად პრაგმატულად შეიცვლება და …
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
– ბატონო ალექსანდრე, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, საქართველოში არ წყდება ამ რეზოლუციაზე კამათი და მსჯელობა.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ რეზოლუციას „ჩალის ფასი აქვს“. მეტიც, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ თქვა, – „თუ სტატუსს არ მოგვცემენ, თავისთვის დაიტოვონ“.
რამდენად აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციას „ჩალის ფასი“ და თქვენი აზრი, ამ რეზოლუციით რა გვითხრა ევროპარლამენტმა?
– მეჩვენება, რომ მთელი ჩვენი პოლიტიკური ელიტა, მმართველი ძალისა და უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტიის ჩათვლით, რაღაც ვირტუალურ, მოჩვენებით სამყაროში არსებობს და ცხოვრების რეალობებსა და გამოწვევებს ან საერთოდ ვერ ხედავს, ან მათი გაანალიზების ინტელექტუალური პოტენციალი არ გააჩნია.
უმარტივესი მაგალითი: 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა, ასი ათასობით ადამიანი უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩა. ჩვენმა მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები გადადგა, გაიგზავნა მაშველთა ჯგუფები და ჰუმანიტარული ტვირთი, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი განცხადებები გააკეთეს, მინისტრებმა, ისიც, ჩემი აზრით, დაგვიანებით სამძიმრის წიგნში ფორმალური ჩანაწერები გააკეთეს. მორჩა.
რას შვრებოდა ჩვენი პოლიტიკური ელიტა, „ხალხის მსახურნი“? ჩვენი ოტო ფონ ბისმარკი – ლევან ხაბეიშვილი „რუსულ ოცნებას“ პუტინთან კავშირში ადანაშაულებდა, ხოლო „ქართული ოცნება“ ოპონენტებს – ომის გაჩაღების მცდელობაში.
ამ პროცესში ჩართული ევროპარლამენტარები, რომლებმაც კეკლუცად თვალი დახუჭეს იმ გარემოებაზე, რომ მათი 35-მდე კოლეგა კორუფციაშია ბრალდებული, სახანძრო ზარებს სცემდნენ და ჩვენ მთავრობას ბატონი სააკაშვილის განთავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. აი, ასეთია დღევანდელი რეალობა.
ყველას კი დაავიწყდა, რომ ახლა ხდება ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. ძველ წესრიგს კი ჯერ პანდემიამ, ხოლო შემდგომ რუსეთის არაადამიანურმა ქმედებებმა უკრაინაში ძირი მოუთხარეს. ევროპა უმძიმესი დილემის წინაშე აღმოჩნდა – ან იგი პუტინის შანტაჟს უნდა დანებდეს, ან კიდევ უსწრაფესად ახალი ენერგოპოლიტიკა შეიმუშაოს.
ხდება რუსეთის განდევნა საერთაშორისო კაპიტალური ბაზრიდან და ეს ბაზარი განახლებულ, ხშირად ეკლექტიკურ ხასიათს იძენს. თუ უმოკლეს ვადაში ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ისევე, სხვათა შორის, როგორც ევროპული პარტიებისა და ევროპარლამენტარების ნაწილი, ამ ახალ რეალობას თვალს არ გაუსწორებენ და ახალ ევროპულ კონგლომერატში თავის ადგილს ვერ მონახავენ, ისინი ძალიან დიდი ხნით ევროპის კიდეში, შეიძლება ითქვას – სანაგვეში დარჩებიან.
აი, ეს არის სტრატეგიული მომავალი და არა ის წუთიერი ემოციები, ამბიციები, ლილიპუტის ვნებანი, რომლითაც გადავსებულია ჩვენი მედია.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – არა დეკლარაციები, არამედ რეალური ქმედებანი იქნება გათვალისწინებული და ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენი მთავრობის ქმედებებზე იქ და მაშინ, როცა ეს საჭირო იქნება. გადამწყვეტია არა პოლიტიკური დისკურსები, არამედ მთავრობების რეალური გაბედული ნაბიჯები.
მართებულია ასეთი კითხვაც – მზად თუ არის ჩვენი ხელისუფლება ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ეხლა შეუძლებელია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის, რა ფორმით და რა დოზით ასეთი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს დიდი შვიდეული.
– ფაქტია, რომ მიიღებს თუ არა საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ახლა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დასკვნებზეა დამოკიდებული, მაგრამ, ვხედავთ, რომ მმართველ ძალას არა მარტო ევროპარლამენტის რეზოლუციის მიმართაა უარყოფითად განწყობილი, იგი არც იმ 12 ევროპული რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს, რაც წლის ბოლომდე გვაქვს შესასრულებელი.
გასულ წელს თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი – „ქართული ოცნების“ საკრალური შეცდომა იყო შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა, ამ წინდაუხედავი საბედისწერო ქმედების შედეგებს ახლა ვიმკით“.
ანტიევროპული და ანტიამერიკული რიტორიკაში სახელისუფლებო გუნდს ისე შორს აქვს შეტოპილი, ძალა აქვს დაკარგული „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვენს მიერ კიდევ ერთ აზრს – „შეიძლება ისე მოხდეს, რომ ევროპამ უმწვავეს შიდა დაპირისპირებაზე დახუჭოს თვალი“.
იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, გაქვთ განცდა, რომ საქართველო წლის ბოლოს არ დაკარგავს ევროპულ პერსპექტივას?
– რასაკვირველია, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, ისევ იმავე აზრზე ვრჩები. თქვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად კი ვცადოთ გავერკვეთ მთავრობის რეალურ და არა საჯაროდ განცხადებულ ტაქტიკაში. ისევ ტლუდ გავიმეორებ, რომ სტრატეგია მთავრობას საერთოდ არ გააჩნია.
ბევრი ჩვენ მთავრობას პრორუსულ სულისკვეთებაში ადანაშაულებს. მე ამ აზრს, რომელსაც ბევრი ჩემთვის ძალიან ღირებული ადამიანი იზიარებს, პრინციპულად არ ვეთანხმები.
მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავრობა არსებულ სიტუაციაში ცდილობს ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს და ფრთხილი, გააზრებული პოლიტიკა გაატაროს, რომელსაც აშკარად ერთგვარი შიშის ელფერი გადაკრავს. ოღონდ ამას აკეთებს პროვინციულად, უკვე დამარცხებული მხარის მსოფლმხედველობით.
მთავრობას დაავიწყდა, რომ ისტორიის გარკვეულ კრიზისულ მომენტებში მოქნილი და ეშმაკური პოლიტისთვის სივრცე ქრება და მარტივი, მაგრამ პრინციპული არჩევანი უნდა გაკეთდეს თეთრსა და შავს, სინათლესა და სიბნელეს შორის და აქ ნებისმიერი გადადგომა, პოლიტიკური დემარში, კინკლაობა და ვაჭრობა განწირულია დამარცხებისთვის.
წლის ბოლომდე ასეთი არჩევანის გაკეთება მოუწევს არა მხოლოდ ჩვენს, არამედ უნგრეთის, სერბეთის, თურქეთის და ზოგიერთი სხვა ქვეყნების მთავრობებსაც. თუ სწორი არჩევანი გაკეთდა, გავიმეორებ ჩემ სიტყვებს, ღრმა პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, ჩვენ ევროპულ პერსპექტივას არ დავკარგავთ.
შეიძლება თქვენ მომდევნო კითხვებს ვუსწრებ, მაგრამ კიდევ ერთ გარემოებას მინდა ხაზი გავუსვა. მმართველმა ძალამ, არ ვიცი ვისი რეკომენდაციით, ბიპოლარული პოლიტიკური სივრცის შეცვლა განიზრახა და ამისთვის ახალი რადიკალური პოლუსის შექმნას შეუწყო ხელი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისგან“ აშკარად საპირისპირო მხარეს დგას.
რასაკვირველია, ლაპარაკია „ხალხის ძალაზე“. ამით „ქართული ოცნება“ შეეცადა პოლიტიკური სივრცის ცენტრში აღმოჩენილიყო და გამხდარიყო ორ რადიკალური ძალის, ასე ვთქვათ, მედიატორი.
ეს მცდელობაც მეტად პრიმიტიულ ილეთად მიმაჩნია – ახალ რადიკალურ პოლუსს რაღაც რეიტინგი ხომ უნდა გააჩნდეს, თორემ გემი გადატრიალდება და ცენტრში მყოფს, ისევე, როგორც ყველა დანარჩენს, ნიაღვარი წაიღებს.