21 თებერვლის გამოსვლაში პუტინი შეეცდება ომის საკითხში საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებას
![21 თებერვლის გამოსვლაში პუტინი შეეცდება ომის საკითხში საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებას](https://gdb.rferl.org/00eef3c1-8559-448e-9c02-1601a9a8b6fc_w800_h450.jpg)
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 21 თებერვალს დანიშნულ მნიშვნელოვან გამოსვლაში შეეცდება რუსეთის საზოგადოებაში გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინაში მის მიერ წარმოებულ ომთან მიმართებით. პუტინი სიტყვით გამოვა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც კიევში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი - რომლის ისტორიულმა ვიზიტმა ძირი გამოუთხარა პუტინის მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებებს, რომ დასავლეთი კარგავს უკრაინის მხარდაჭერის ინტერესს.
პუტინი რუსეთის ფედერალურ ასამბლეას ტელევიზიით გადაცემული სიტყვით მიმართავს რამდენიმე დღით ადრე 24 თებერვლამდე, ანუ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავამდე. ერთი წლის წინ პუტინის წრე ელოდა, რომ შეჭრა მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდებოდა, თუმცა ომი უკვე 12 თვეა მიმდინარეობს, დიდი ადამიანური და ფინანსური დანაკარგებით.
არაერთი ექსპერტის თქმით, პუტინი იმედოვნებდა, რომ ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვან წარმოატებას მიაღწევდა საიმისოდ, რომ ეს თავის გამოსვლაში აღენიშნა. თუმცა, რუსეთის შეტევა, როგორც ჩანს, შეფერხდა აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან - პუტინის ძალები დიდ დანაკარგებს განიცდიან, პუტინი კი ცდილობს ეს ომი წარმოაჩინოს დასავლეთთან კონფლიქტად.
ბაიდენი, რომელიც 20 თებერვალს კიევიდან პოლონეთში ჩავიდა, 21 თებერვალს ასევე გეგმავს მნიშვნელოვანი სიტყვით გამოსვლას, ვარშავის სამეფო კოშკის წინ.