ჯო ბაიდენი ვარშავაში: "კიევი დგას, ის ძლიერია და, რაც მთავარია, ის თავისუფალია"
„მსოფლიო კიევის დაცემისთვის ემზადებოდა. მაგრამ კიევი დგას და ძლიერია, როგორც არასოდეს,“ თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს საღამოს ვარშავაში წარმოთქმულ სიტყვაში.
მან დამსწრეებს შეახსენა, რომ თითქმის ერთი წლის წინ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში სამხედრო შეჭრა. „როცა რუსეთი შეიჭრა, ეს გამოცდა იყო მთელი მსოფლიოსთვის, მთელი დემოკრატია საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. უნდა გვეპასუხა მარტივი შეკითხვებისთვის - შევძლებთ ძალების შენარჩუნებას თუ სისუსტეს გამოვავლენთ? ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვიცით პასუხი - ჩვენ ძლიერები აღმოვჩნდით და შემდგომაც ვიბრძოლებთ ადამიანების სუვერენიტეტისა და უფლებისთვის, წინ აღუდგნენ აგრესიას,“ აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენის სიტყვებით, არ შეიძლება ავტოკრატების მადის დაკმაყოფილება, საჭიროა, მათ წინ აღვუდგეთ. „რუსეთი ვერასოდეს გაიმარჯვებს უკრაინაში, ვერასოდეს“ - ბაიდენის ამ სიტყვებს დამსწრეთა ხმამაღალი ოვაციები მოჰყვა.
ბაიდენმა მიმართა ბელარუსისა და მოლდოვის მოქალაქეებს და მხარდაჭერა გამოუხატა დემოკრატიისთვის ბძოლასა და ავტოკრატიის წინააღმდეგობაში.
ამასთან, ბაიდენმა პირდაპირ მიმართა მოლოვის პრეზიდენტ მაია სანდუს, რომელიც დამსწრეთა შორის იყო.
„ქალბატონო სანდუ, ჩვენ ვამაყობთ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვართ აქ? ტაში დავუკრათ ქალბატონ პრეზიდენტს!,“ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენ მომავალშიც ვიდგებით დემოკრატიის სადარაჯოზე,“ თქვა ბაიდენმა და ხალხს შეახსენა, რომ ის პოლონეთში კიევიდან ჩავიდა.
„ახლა დავბრუნდი კიევიდან, ის დგას, ის ძლიერია და, რაც მთავარია, ის თავისუფალია,“ თქვა მან.
თავის გამოსვლაში ბაიდენმა ისაუბრა უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმებზე, რუსეთის ჯარების იერიშებზე სადგურების, საავადმყოფოების, სკოლების, ბავშვთა სახლებზე, უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცებაზე.
„ვლადიმირ პუტინს შეუძლია, ომი ერთი სიტყვით დაასრულოს,“ თქვა ამერიკის ლიდერმა და აღნიშნა, რომ აგრესია გრძელდება და სწორედ ამიტომ უდგას უკრაინას მხარში მრავალი ქვეყანა.
ბაიდენის თმით, პუტინი ფიქრობდა, რომ ნატო გაიხლიჩებოდა და გაიყოფოდა, მაგრამ ნატო უფრო შეკავშირებულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ბაიდენის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ალიანსის ერთ-ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ტოლფასია ყველაზე თავდასხმისა, ურყევია, ეს „წმინდა ფიცია“.
„პუტინს უკრაინის ფინლანდიზაცია სურდა, სამაგიეროდ კი მიიღო ფინეთის ნატოიზაცია, და შვედეთისაც,“ თქვა ბაიდენმა პუტინის ჩავარდნებზე საუბრისას.
ცივი ომის დროს ფინეთი არ შედიოდა არც ნატოში, არც სტრუქტურაში, რომლიდანაც მოგვიანებით ევროკავშირი წარმოიშვა, რათა მეზობელი საბჭოთა კავშირის მტრული დამოკიდებულების პროვოცირება არ მოეხდინა.
მანამდე მან თქვა, რომ პუტინს ჯერაც ეჭვი ეპარება დასავლეთის პოზიციაში. მაგრამ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები „არ დაეჭვდებიან“, აღნიშნა ბაიდენმა, და „არ დაიღლებიან“.
ბაიდენმა ასევე ისაუბრა პუტინის მცდელობაზე, გაეღრმავებინა მსოფლიო სასურსათო კრიზისი, მაგრამ ამის ნაცვლად აშშ-მა და „დიდმა შვიდეულმა“ ვალდებულება იკისრეს, დაძლიონ კრიზისი და გაზარდონ მსოფლიოში სურსათის წარმოება.
ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოცხადდება.
ვარშავაში ბაიდენის გამოსვლამდე თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლა არ იქნებოდა პირდაპირი პასუხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დღევანდელ გამოსვლაზე, რომელშიც, სხვათა შორის, მან განაცხადა, რომ რუსეთი წყვეტს მონაწილეობას სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებაში.
ვარშავაში ჩასვლამდე ბაიდენი 20 თებერვალს მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრა კიევს, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.