დეგნანი: ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს
![დეგნანი: ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს](https://gdb.rferl.org/01000000-0aff-0242-b2b4-08db13538c0a_w800_h450.jpg)
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, რაც მისი თქმით, ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს ეწინააღმდეგება.
"აშკარაა, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, რომელიც საქართველოსა და დასავლეთს, საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ძლიერი პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს. ეს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ეწინააღმდეგება, რომლებმაც ძალიან ნათლად და არაერთგზის აირჩიეს ევროპული მომავალი", - განაცხადა დეგნანმა.
მისივე თქმით, ქართველ ხალხს ევროპული მომავალი, ძლიერი დემოკრატია, წარმატებული და დივერსიფიცირებული ეკონომიკა სურს, რომელიც რუსეთზე არ არის დამოკიდებული. დეგნანი ასევე დასძენს, რომ ამ მიმართულებით საქართველომ პროგრესს მიაღწია.
"ახლა არის მომენტი, როცა ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ საქართველო რუსეთზე იყოს დამოკიდებული ვაჭრობაში, უსაფრთხოებაში, ნებისმიერ რამეში. საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები, ისევე როგორც ჩვენ ყველას. ისინი, ვინც საქართველოს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან ძლიერი მეგობრობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, მათ ქართველი ხალხისგან უნდა გაიგონ, რომ ეს მისაღები არ არის", - თქვა დეგნანმა.