მამუკა მდინარაძე: …ამისი თქმის საშუალება მექნება მომდევნო კვირის ორშაბათ დღეს
დაუჭერს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა მხარს პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის კანდიდატურაზე, შემდეგი კვირის ორშაბათს გაირკვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„შეიძლება არ იყოს უმრავლესობაში ამაზე ერთგვაროვანი დამოკიდებულება, მითუმეტეს, რომ იყო აზრი, რომ პოლიტიკური მიკერძოება იყო კანდიდატობის გამომრიცხავი, ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ. ეს არგუმენტი შეიძლება ბევრმა მოიტანოს უმრავლესობის სხდომაზე. აქედან გამომდინარე, გადაჭრით პასუხს ვერიდები დღეს. პრინციპულად იყო გახმოვანებული უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან, გახსოვთ ალბათ ეს ამბავი, პოზიცია იმის შესახებ, რომ პოლიტიკური მიკერძოება უნდა ყოფილიყო გამომრიცხავი. მე რომ დავადასტურო, რომ უმრავლესობა ამაზე დათანხმდება, დღეს ვერ შევძლებ, თუმცა კიდევ ერთხელ, პირადად მე შემიძლია დავაფიქსირო მის მიმართ პატივისცემა, როგორც პატიოსანი, წესიერი ადამიანის და პროფესიონალის მიმართ. უნდა ავწონოთ ეს არგუმენტები, შევადაროთ. რას გადაწყვეტს უმრავლესობა, ამისი თქმის საშუალება მექნება უმრავლესობის სხდომის შემდეგ, მომდევნო კვირის ორშაბათ დღეს“, – აცხადებს მდინარაძე.
პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.