გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიში ტერორიზმის შესახებ
![გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიში ტერორიზმის შესახებ](https://gdb.rferl.org/CA257058-2496-4F66-ABD8-99CAD6E77AD7_w800_h450.jpg)
სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს ანგარიშს 2021 წელს ტერორიზმის შესახებ.
საქართველოსთან მიმართებით ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს საქართველო განაგრძობდა ტერორიზმთან აქტიურ ბრძოლას და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის ძლიერ პარტნიორად რჩებოდა.
ანგარიშში ასევე საუბარია 2021 წლის 5 ივლისს მედიისა და აქტივისტების მიმართ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე.
„ტერორიზმის თვალსაზრისით 2021 წელს საქართველოში ვითარება მშვიდი და სტაბილური იყო, საქართველო თავისი საზღვრების უსაფრთხოების შემდგომი უზრუნველყოფისთვის მოქმედებებს განაგრძობდა“. 2021 წელს დააკავეს ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“, დაკავშირებული საქართველოს 5 მოქალაქე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა მიმართეს ძალადობას 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებისას, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ.
„ამ ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის პროტესტი და ეცადნენ პარლამენტის შტურმს და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისს. ლგბტქი+ აქტივისტები აცხადებდნენ, რომ დევნის ობიექტები გახდნენ, ვინაიდან ადგილი, სადაც ისინი თავს აფარებდნენ, ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა აღმოაჩინეს, ეს მოვლენები მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერ-მინისტრმა Tbilisi Pride-ის ღონისძიებებს "მიზანშეუწონელი" უწოდა. დღის განმავლობაში შსს-მ არეულობასთან ბრძოლის ზომების მიღება ვერ შეძლო. მიუხედავად 28 ადამიანის დაკავებისა და გასამართლებისა, არც ჯგუფის ლიდერებს და არც ძალადობის ორგანიზატორებს არ დაჰკისრებიათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია ულტრამემარჯვენე ჯგუფი Alt-Info, რომლის ლიდერებმა შემდგომში დაარეგისტრირეს პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ და გახსნეს ოფისები საქართველოს მასშტაბით.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2021 წელს საქართველოში არ მომხდარა არცერთი ტერორისტული ინციდენტი.
ანგარიშში შეფასებულია ანტიტერორისტული საკანონმდებლო ბაზაც და ვკითხულობთ, რომ „საქართველოს, ზოგადად, შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს მანდატი ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებთან და გამოძიებასთან დაკავშირებით და მჭიდროდ თანამშრომლობს თავისი კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროებთან და საქართველოს პროკურატურასთან“.
ანგარიშის მიხედვით, იმის გამო, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი (ცხინვალის რეგიონი), საქართველო ვერ აკონტროლებს რუსეთთან საერთაშორისოდ აღიარებული სახმელეთო საზღვრის ნაწილს და ამიტომ უსაფრთხოება უნდა დაიცვას ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, თავის ოკუპირებულ ტერიტორიებთან.