იაპონიამ ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს, მათ შორის - "როსბანკსა" და "ვაგნერს"
![იაპონიამ ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს, მათ შორის -](https://gdb.rferl.org/8fa59eec-48e1-498d-9111-1093977c8dee_w800_h450.jpg)
იაპონიის ხელისუფლებამ გამოაცხადა რუსეთის 48 ფიზიკური პირისა და 74 ორგანიზაციისთვის, მათ შორის ერთი ბანკისთვის, აქტივების გაყინვის შესახებ. ამ ზომას მიმართეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით.
იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც იაპონიის მთავრობა შეზღუდვებს უწესებს, სხვათა შორის არიან „როსბანკი“ და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“.
ცალკე სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლები, ასევე პირები, რომლებიც დაკავშირებული არიან უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიასთან.
ცალკე სიაში შევიდნენ ორგანიზაციები, რომელთა მიმართაც საექსპორტო შეზღუდვები იმოქმედებს.
25 თებერვალს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ სანქციები გაფართოვდება. საქმე ეხებოდა რუსეთის 120 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. იაპონია ასევე აკრძალავს საქონელს, რომელმაც შეიძლება გააძლიეროს რუსეთის მრეწველობა, მაგალითად, უპილოტო საფრენი აპარატების დეტალები. საერთო ჯამში დღეს მოქმედებს იაპონიის სანქციები რუსეთის 900-მდე მოქალაქისა და დაახლოებით 450 ორგანიზაციისა და კომპანიის წინააღმდეგ.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იაპონიამ სანქციები დაუწესა პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, უმაღლეს თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, ბანკებს, საწარმოებს, ასევე რუსეთს ჩამოართვა ვაჭრობაში შეღავათიანი პარტნიორის სტატუსი.