ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში აზერბაიჯანის დროშა აღმართა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი ქვეყნის დროშა აღმართა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში, რომელსაც აზერბაიჯანელები ხანქენდის უწოდებენ, ხოლო ეთნიკური სომხები სტეფანაკერტს.
ალიევის ვიზიტი რეგიონში შედგა 15 ოქტომბერს. ბაქომ რეგიონზე კონტროლი დაიბრუნა სწრაფი სამხედრო ოპერაციის შედეგად სექტემბერში. ეს ყარაბაღში ალიევის პირველი სტუმრობა იყო მმართველობის ორ ათწლეულის მანძილზე.
სექტემბერში აზერბაიჯანის სწრაფი იერიშის შედეგად დასრულდა, უპირატესად ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონში, მკვიდრი უმრავლესობის სამათწლეულიანი მმართველობა.
რეგიონი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ორი ომი გააჩაღეს რეგიონის გამო, რომელშიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეთნიკური სომხები უმრავლესობას წარმოადგენდნენ. რეგიონი თავდაპირველად მოექცა ეთნიკური სომხური ძალების კონტროლის ქვეშ, სომხეთის სამხედრო მხარდაჭერით, 1994 წელს.
თუმცა, 2020 წლის ომის დროს აზერბაიჯანმა დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც სომხურ ძალებს ეკავათ. თითქმის 100 ათასი ეთნიკური სომეხი, რეგიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, გაიქცა სომხეთში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ბოლო შეტევის შემდეგ ბაქომ დააწესა კონტროლი რეგიონზე.
ალიევის ოფისმა განაცხადა, რომ მან მოინახულა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სხვა ადგილი და ქალაქი, მათ შორის ქალაქები აღდარა (მარტაკერტი) და ხოჯალი (ივანიანი), სადაც მან ასევე აღმართა აზერბაიჯანის დროშა. დროშების აღმართვისას ალიევი სამხედრო ფორმაში იყო.