პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია უმრავლესობისთვის საკმარის ხმებს ვერ აგროვებს - ეგზიტპოლების შედეგები
პოლონეთში 15 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ეგზიტპოლების თანახმად, მემარჯვენე კოალიციამ, რომელსაც მმართველმა პარტია, „სამართალი და სამართლიანობამ“ უდგას სათავეში, ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა, მაგრამ მთავრობის შექმნისთვის საკმარისი მომხრე არ ეყოლება.
ქვეყნის ახლანდელმა პრემიერმა, ტადეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ თუ პრეზიდენტი მოგვცემს ამის შესაძლებლობას, სტაბილურ მთარობის შექმნას შევეცდებითო.
ოპოზიციის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა, დონალდ ტუსკმა კი თქვა, რომ ოპოზიციურ ძალებს საკმარისი ხმები აქვთ იმისთვის, რომ ჩამოაყალიბონ მთავრობა.
15 ოქტომბრის კენჭისყრაზე დამყარდა რეკორდი ამომრჩევლების აქტიურობის მხრივ: მასში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონეთა 72,9 პროცენტმა.
ეგზიტპოლების მონაცემებით, პარტიამ „სამართალი და სამართლიანობამ“ 36,8 პროცენტი მიიმხრო, ხოლო ოპოზიციურმა, „სამოქალაქო პლატფორმამ“ 31,6 პროცენტი.
ოპოზიციურ პარტიას შეუძლია მთავრობის შექმნა მესამე გზასთან (ეგზიტპოლის თანახმად - 13 პროცენტი) და „მემარცხენეებთან" ერთად (8,6 პროცენტი).
პოლონეთში 15 ოქტომბერს ასევე გაიმართა რეფერენდუმი, რომელმაც, სხვათა შორის, უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის მოქალაქეთა დამოკიდებულება მიგრანტების საკითხის მიმართ.
ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა რეფერენდუმის საკითხები და ის ფორმა, როგორც ისინი იყო დასმული. ტუსკმა განაცხადა, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვა, გააუქმებს რეფერენდუმის შედეგებს, რადგან მას არ აქვს ძალა ამ სიტყვის ყველაზე ღრმა და ფართო გაგებით.
პოლონეთის პარლამენტში 460 ადგილია. აბსოლუტური უმრავლესობა 231 მანდატის მფლობელს ექნება. ქვედა პალატასთან ერთად ირჩევენ სენატსაც, სადაც 100 ადგილია. ლეგისლატურის პერიოდი ოთხი წელიწადია.