მედია: რა ქონებას ფლობს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე?
ყველასთვის ცნობილია, რომ მოსამართლეებმა 12 მაისს, გორში, რესტორან “ნაჭარმაგევში” მოსამართლის დღე წინასწარ აღნიშნეს. როგორც გავრცელებული ვიდოკადრებიდან ჩანდა, 300-კაციანი ლხინის სუფრის მთავარი ორგანიზატორი უვადო მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე იყო. შეგახსენებთ, ის კორუფციაში მონაწილოებაშია ეჭვმიტანილი და ამის საფუძველზე აშშ-ს მიერ სავიზო სანქცია დადებულთაგან ერთ-ერთია. რესტორანში დაწყებული დროსტარება მოსამართლეებმა რესტორნის ეზოში, დემონსტრაციულად ცეკვით, პოეზიითა და მრავალხმიანი სიმღერით გააგრძელეს.
მოგეხსენებათ, მოსამართლე ლევან მურუსიძე საზოგადოებამ სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის გახმაურებული საქმეებით გაიცნო. ის 2006 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახლდათ. მას, როგორც ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულებს სასჯელები შეუმცირდათ.
2011 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოქვეყნა, რომელშიც ცალსახადაა დადასტურებული პრაქტიკულად ყველა ის ბრალდება, რასაც საზოგადოება ხელისუფლებას უყენებდა ამ საქმესთან დაკავშირებით. ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ “გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება”. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.“ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.
- პირადი ინფორმაცია
ლევან მურუსიძე 1975 წლის 1-ლ მარტს დაიბადა ქ. თბილისში; 1991 წელს დაამთავრა N170 საშუალო სკოლა; 1998 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2000-2004 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ; 2004-2005 წლებში იყო გორის რაიონული პროკურორის თანაშემწე;
2005 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2006-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი; 2016 წლის იანვრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე; გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე 2022 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია.
- ლევან მურუსიძის ქონება
2022 წლის 6 აგვისტოს ეთერში გავიდა “სტუდია მონიტორის“ საგამოძიებო ფილმი, რომელიც მოსამართლე ლევან მურუსიძის დაუსაბუთებელ ქონებას შეეხებოდა. როგორც აღმოჩნდა, სასამართლო ხელისუფლების ლიდერები მათ ქონებას დეკლარაციაში არ უთითებენ და სხვათა სახელზე გაფორმებული მათი მდიდრული და გადამალული ქონება, ამ სისტემაში არსებულ კორუფციაზე მიანიშნებს. (წაიკითხეთ: სანქცირებული მოსამართლეების სკანდალური საქმეები, ბიზნესი თუ გადამალული ქონება)
მას შემდეგ, რაც დასანქცირების ამბავი შეიტყო, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:
“სიმართლე გითხრათ არ მეშინია, გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც არის. არ არის ნამდვილად სასიამოვნო, მაგრამ არც იმის მეშინია – ქონება არ მაქვს, რომ ანგარიშები დამიყადაღონ. მე მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ღირსეულად, საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, ხოლო თუ ვიღაცებს თავიანთი მიზნები აქვთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, მერე მართონ და ამას დაარქვან ადამიანის უფლებებისა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება…”.
მართალია, მურუსიძე იმედიანად არის და ამბობს, რომ “ქონება არ გააჩნია”, თუმცა “მონიტორის” გამოძიების თანახმად, ისიც და ე.წ. სასამართლო კლანიც რეკორდულად გაზრდილი ქონებით გამოირჩევა – მოსამართლეები, რომლებიც მოსახლეობამ ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებით გაიცნო, დღეს მილიონერები არიან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძის ანგარიშზე მდიდრული აგარაკი, ძვირადღირებული ავტომობილი და დიდი ქონებაა.