რუსი რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი საავადმყოფოში მოათავსეს
რუსი, კინორეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერი, ნიკიტა მიხალკოვი მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოცემა "ბაზას" ცნობით, ის საავადმყოფოში კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ფილტვების ანთებით მიიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
თავის მხრივ, "ინტერფაქსი" იტყობინება, რომ მიხალკოვი საავადმყოფოში გრიპით მოხვდა. საინფორმაციო სააგენტო არაფერს ამბობს ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ.
მიხალკოვი, რომელსაც ოქტომბერში 77 წელი შეუსრულდა, ცნობილია თავისი ულტრაკონსერვატიული და მონარქისტული შეხედულებებით. ის სკეპტიკურადაა განწყობილი კორონავირუსის არსებობისა და განსაკუთრებით, მისი ვაქცინაციის მიმართ. თავისი სატელევიზიო პროგრამის "ბესოგონის" - რეჟისორი თავად არის მისი ავტორიც და წამყვანიც - ერთ-ერთ გამოშვებაში, ის ამტკიცებდა, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საფარქვეშ ხდება მილიარდერი ბილ გეიტსის პროექტის განხორციელება ადამიანების "დაჩიპების" მიზნით, რათა შემცირდეს დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა, რადგან ის ძალიან ბევრ რესურსს მოიხმარს.
ეს გამოშვება ეთერიდან მოხსნეს.
გასულ კვირა დღეს, 1 იანვარს, სახელმწიფო ტელეარხი "როსია 24", ღამის ორი საათიდან დაწყებული, თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში, პროგრამა "ბესოგონს" აჩვენებდა თავის ეთერში. რატომ იქნა არჩეული მაინცადამაინც ეს პროექტი, როგორც საახალწლო, არ დაუზუსტებიათ.
მიხალკოვი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია რუსულ კინემატოგრაფიაში. ის მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზიდენტი და რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარეა. იგი არის "ოსკარის" პრემიის, კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის და ვენეციის კინოფესტივალის "ოქროს ლომის" ლაურეატი.