ნიკიტა მიხალკოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ცნობილი რუსი რეჟისორი, მსახიობი, რუსეთის ფედერაციის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე ნიკიტა მიხალკოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიხალკოვი კოვიდპნევმონიით არის ჰოსპიტალიზებული.
ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.
77 წლის მიხალკოვი ცნობილია თავისი ულტრაკონსერვატიული და მონარქისტული შეხედულებებით.
გარდა ამისა, იგი სკეპტიკურადაა განწყობილი კორონავირუსის არსებობისა და მისი ვაქცინის მიმართ.
მიხალკოვი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი რეჟისორი და კრემლის გამორჩეული პროპაგანდისტია. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ის აქტიურად ეწეოდა ანტივაქსერულ აგიტაციას.
ის გადაცემებში მუდმივად ავითარებს სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიებს, როგორც ვაქცინების, ასევე გლობალური შეთქმულების შესახებ. ის სკეპტიკურად უყურებს კორონავირუსის არსებობას და განსაკუთრებით ვაქცინაციას. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მან თქვა, – კოვიდ ვაქცინაციის საფარქვეშ, მილიარდერი ბილ გეითსი ჩიპების პროექტს ახორციელებს, რათა დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა შემცირდესო…
მიხალკოვი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია რუსულ კინემატოგრაფიაში. ის მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზიდენტი და რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარეა. მიხალკოვი „ოსკარის“ პრემიის, კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზისა და ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ ლაურეატია.