ნატომ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
![ნატომ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი](https://gdb.rferl.org/058a0000-0aff-0242-3943-08daf2fd2bea_cx0_cy5_cw0_w800_h450.jpg)
ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ევროკავშირმა და ნატომ ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციას.
გაერთიანებების სახელით დეკლარაციის ხელმომწერები არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
იენს სტოლტენბერგმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ხელმოწერა ახლა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მნიშვნელოვანია, „როგორც არასდროს“, დეკლარაციის ხელმოწერით კი ნატოსა და ევროკავშირს პარტნიორობა „ახალ დონეზე“ გადაჰყავთ.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე, ნატო და ევროკავშირი მეტად დეტალურად შეათანხმებენ მოქმედებებს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის, კოსმოსის ათვისების, უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციების დაძლევის, კლიმატის ცვლილებების და სხვა მიმართულებებით.
ეს ნატოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის რიგით მესამე დეკლარაციაა, 2016 და 2018 წლებში ხელმოწერილი დოკუმენტების შემდეგ.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება მას მერე, რაც ფინეთი და შვედეთი ალიანსის სრულფასოვანი წევრები გახდებიან, ვინაიდან ნატოში მათი გაწევრიანებით ალიანსი ევროკავშირის მოქალაქეთა 96%-ს დაიცავს.
მისი თქმით, ნატო გააგრძელებს „მამაცი უკრაინელი ხალხის“ მხარდაჭერას და „კრემლზე ზეწოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.“