გენერალი ბენ ჰოჯესი: საქართველო ვერასდროს დაიბრუნებს აფხაზეთსა და ცხინვალს, თუ უკრაინა წააგებს
“არა მგონია, გამართლება ჰქონდეს გამყოფ ხაზთან ლოდინს, როდესაც შენი მოძმე შავიზღვისპირა ქვეყნის არალეგალურ ოკუპაციას შეჰყურებ და შენს თვალწინ ხალხს ხოცავენ. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის აგრესია უკრაინამდე სწორედ საქართველომ გამოსცადა”- უთხრა თბილისში ყოფნისას ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ბენ ჰოჯესმა რადიო თავისუფლებას. საქართველოს ხელისუფლების პოზიციისა და თბილისიდან კიევისადმი საჯარო მხარდაჭერის გამოხატვის მნიშვნელობის გარდა ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ჰოჯესი დეტალურად განიხილავს, რის საფუძველზე წინასწარმეტყველებს უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნებას და რა უპირატესობას მისცემს ახალი შეიარაღება კიევს.
რადიო თავისუფლება: მერამდენე კვირაა, ბახმუტი და სოლედარი რუსული არმიის, უფრო სწორად კი, დაჯგუფება „ვაგნერის“ გაშმაგებული იერიშის სამიზნედ იქცნენ – რატომ არის ბახმუტის აღება მათთვის ასე მნიშვნელოვანი? გენერალი სირსკი ამბობს რომ ეს რუსებისთვის მხოლოდ სიმბოლური გამარჯვება იქნებოდა. ჰგავს კი [ევგენი] პრიგოჟინი კაცს, ვისაც სიმბოლიკა ადარდებს?
გენერალი ბენ ჰოჯესი: კარგა ხანს მეც თავს ვიმტვრევდი ამაზე – რატომ ხარჯავდა რუსეთი, განსაკუთრებით კი პრიგოჟინი ამხელა ძალისხმევას ბახმუტზე. ვფიქრობ, ამას აქვს სიმბოლური ასპექტიც – ბახმუტის აღება მისთვის თავმოყვარეობის საკითხად იქცა. 5 თვეა წვალობენ და ბახმუტი ჯერაც ვერ აიღეს, რატომ? ფაქტია, რომ პრიგოჟინს არ ადარდებს, რა რაოდენობის ხალხი დაეხოცება – ის უდრტვინველად აგრძელებს გაუწვრთნელი, ახლად მობილიზებული ჯარისკაცების წინა ხაზზე გაგზავნას. მაგრამ ამასთანავე, თავის როლს თამაშობს მარილისა და თაბაშირის მსხვილი საბადოები ამ რეგიონში – პრიგოჟინმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ეს რესურსები უნდა დაიბევონ. ოღონდ, რაღაც არა მგონია, ამის მოსმენა, რომ მათი შვილები შეეწირნენ არა რაიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტის მოპოვებას, არამედ იმას, რომ პრიგოჟინს თაბაშირის მაღაროები ჩაეგდო ხელში, დიდი შვება იყოს იმ რუსი ჯარისკაცების ოჯახებისთვის, ვინც ბახმუტთან მოკლეს. მთელი ეს ოპერაცია ბახმუტის გარშემო ხაზს უსვამს რუსეთის ოპერაციაში თანამიმდევრულობის დეფიციტს. არ მგონია, რომ პრიგოჟინი სუროვიკინის ბრძანებებს ემორჩილებოდეს, გერასიმოვზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაშინ ვინ არის „უფროსი“? ფაქტია, რომ თანმიმდევრული გეგმა რუსებს არ აქვთ. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ვერ გამოასწორეს ის ინსტიტუციური ხარვეზები, რაც თებერვალ-მარტში დიდ თავსატეხად ექცათ.
რადიო თავისუფლება: შესაძლოა, რომ ისინი მათთვის ნაცნობ გეგმას მიყვებოდნენ – როდესაც რიცხობრივი უპირატესობა გაქვს და ფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან შედეგს მიაღწევ?
გენ. ბენ ჰოჯესი: რუსები ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ რაოდენობა, მათემატიკა გადამწყვეტია. საუკუნეებია ასე იბრძვიან და ახლაც იმედი აქვთ, რომ სიმრავლე თავისას გაიტანს და საბოლოოდ უკრაინის პოზიციებს გადაუვლიან. მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ გამოსდით – იმიტომ, რომ უკრაინელებმა შესაშური პროფესიონალიზმი და სიმარჯვე გვაჩვენეს. და დღეს ვხედავთ, რომ სიზუსტე ამარცხებს რაოდენობას – თუ საკმარისად ზუსტი ხარ და იცი, რას დაუმიზნო. უკრაინა კი სწორედ ასე იქცევა -სხვადასხვა საშუალებით უმიზნებს ლოგისტიკას, სატრანსპორტო ქსელებს, აღჭურვილობის საწყობებს.