რადიო თავისუფლება: „თუ პუტინი ამ ავანტიურას წამოიწყებს, ეს რუსეთისთვის სუიციდის ტოლფასი იქნება“ – ეს ომის დაწყებამდე თქვით. როგორც ვნახეთ, პუტინმა ეს ნაბიჯი გადადგა – გამოდგა კი იგი სუიციდი რუსეთისათვის?
იური ფელშტინსკი: რა თქმა უნდა. რუსეთმა უკვე მოიკლა თავი, პუტინმა უკვე ჩაიდინა თვითმკვლელობა. პრობლემა ისაა, რომ თავად მათ ამის შესახებ ჯერ არ უწყიან. ისევე, როგორც ჰიტლერმა ფაქტობრივად 1939 წლის პირველ სექტემბერს მოიკლა თავი, მაგრამ რამდენიმე წელი დასჭირდა, რათა უშუალოდ, თავისი ხელით გაეკეთებინა ეს. იგივე ემართება პუტინსაც – არ ვიცი, თავისი ხელით მოიკლავს თავს თუ ცოცხალი დარჩება, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.
რადიო თავისუფლება: მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შედეგი სულაც არ იყო წინასწარ გადაწყვეტილი – მთელ მსოფლიოს დაადგა ჯაფა, რომ ის ისე დამთავრებულიყო, როგორც დამთავრდა. ანალოგიურად, შეიძლება ითქვას, რომ არც რუსეთის უკრაინაში მარცხია წინასწარ გადაწყვეტილი. რა უნდა მოხდეს, რომ რუსეთის ეს თეორიული სუიციდი რეალურ სუიციდად იქცეს?
იური ფელშტინსკი: კარგი კითხვაა და პასუხის გასაცემად სჯობს, ისევ ისტორიას დავესესხოთ. როდესაც ჰიტლერი პირველ სექტემბერს პოლონეთს დაესხა თავს, გვერდში ედგა იტალია, იაპონია, უნგრეთი და საბჭოთა კავშირიც – 1941 წლის 22 ივნისამდე ისინი აქტიურად ეხმარებოდნენ ჰიტლერს. 17 სექტემბერს შეიჭრნენ პოლონეთში და მალევე, გერმანიასთან ტანდემში, პოლონეთი გაანადგურეს. პოლონეთს ვერავინ დაეხმარა, რადგან ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. საფრანგეთი და ბრიტანეთი მზად არ იყვნენ გერმანიასთან საბრძოლველად. შევადაროთ ეს იმას, რასაც დღეს ვხედავთ – რუსეთი პრაქტიკულად მარტოა, თუ არ ჩავთვლით ბელარუსს, რომელიც [პრაქტიკულად] ოკუპირებულია რუსეთის მიერ 2021 წლიდან. ახლახან ორი ახალი „მოკავშირე“ გამოუჩნდა ამ ომში – ირანი და ჩრდილოეთი კორეა. მაგრამ ეს არის და ეს – შევადაროთ ეს იმ დახმარებას, რომელსაც დასავლეთი უწევს უკრაინას, იქნება ეს სამხედრო, ფინანსური თუ ლტოლვილების მიღების კუთხით – მათ ყველამ გაუღო კარი. მე მწამს, რომ, საუბედუროდ, ის, რასაც ვხედავთ, მხოლოდ დასაწყისია მესამე მსოფლიო ომისა. მჯერა, რომ 24 თებერვალი მომავალი თაობის ისტორიის სახელმძღვანელოებში მესამე მსოფლიო ომის დაწყების თარიღად ჩაიწერება. ვფიქრობ, პუტინი სხვა არჩევანს არ დაგვიტოვებს. ისე არაა, თითქოს ევროპას ან ამერიკას სურდეს ამ ომში მონაწილეობა – სულაც არა! მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივეს, განსაკუთრებით კი ევროპას, არაფერი გაახარებდა ისე, როგორც ამ ომის მალევე დამთავრება, თუნდაც ეს უკრაინას ტერიტორიის დათმობად დაუჯდეს. საქმე ისაა, რომ უკრაინელებს არ უნდათ ამის გაკეთება და მეორე და მთავარი: პუტინი არ აპირებს უკრაინით დაკმაყოფილდეს. ომის დაწყებიდან 10 თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნები უცვლელი რჩება. ის ისევ გეგმავს აღმოსავლეთ ევროპის ხელში ჩაგდებას და ღია კონფლიქტს ნატოსთან. იმედოვნებდა, რომ ბლეფითა და შანტაჟით გაიტანდა თავისას, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, ასე რომ, მიმართა შემდეგ გზას – ძალას, ომი დაიწყო. და არაფერზე ეტყობა, გაჩერებას აპირებდეს.
ვრცლად