გია ხუხაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად დაშლილია
პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და თქვა, „პარტიაში ბრალდებებმა ისეთი ხასიათი შეიძინა, რომ ფაქტობრივად ხიდები ჩატეხილია“.
ხუხაშვილის თქმით, პარტია ელექტორალურადაც დაშლილია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბედი შეიძლება იმდენად საინტერესო არ იყოს, როგორც ერთი პარტიის, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი პოლიტიკური პროცესი ორპოლუსიანია და ერთ-ერთი პოლუსი „ნაციონალური მოძრაობაა“, ბუნებრივია ამ პარტიაში მიმდინარე პროცესები და შედეგები სერიოზულ გავლენას მოახდენს მომავალ პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
დეტალებში ჩახედული არ ვარ და არც ვარ მათი გულშემატკივარი, ნიუანსებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ დამკვირვებლის თვალით რომ შევხედოთ, პერსპექტივა იმისა, რომ პარტია შეინარჩუნებს მონოლითს, ძალიან ეფემერულია.
ფაქტობრივად, ეს პარტია უკვე დაშლილია, რაც მთავარია ელექტორალურად. ერთია რა პროცესი მიდის პოლიტიკურ ელიტაში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მხარეებს თავისი მხარდამჭერები ჰყავს. ეს მხარეები საკმაოდ უკომპრომისოდ არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ და დაშლა პრაქტიკულად გარდაუვალია.
სიტყვებს აზრი აღარ აქვს, რასაც ჰქვია პოლიტიკური პოლემიკა და კონკურენცია, დიდი ხანია გადაკვეთილია. ბრალდებებმა ისეთი ხასიათი შეიძინა, რომ ფაქტობრივად ხიდები ჩატეხილია“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.