გიგა ბოკერია: ლავროვი აბსოლუტურად გულწრფელი იყო, ის კმაყოფილია იმ მდგომარეობით, რაშიც ახლა საქართველო არის
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს და ამას რუსეთი პატივს სცემს.
ბოკერიას თქმით, ლავროვი თავის განცხადებაში აბსოლუტურად გულწრფელი იყო, რადგან ის კმაყოფილია იმ მდგომარეობით, რაშიც ახლა საქართველო იმყოფება.
მისივე თქმით, რუსეთის ინტერესია, რომ საქართველო და ყველა მისი სამიზნე, ვისი სახელმწიფოებრიობის დაშვებაც არ უნდა, დასავლეთისგან იზოლირებული ანუ მაქსიმალურად დაუცველი იყოს.
„რუსეთისთვის სასიხარულოა საქართველოს იზოლირება დასავლეთისგან. იმიტომ რომ მათი პოტენციური აგრესიისგან დაუცველი ვრჩებით. ლავროვი ამ შემთხვევაში არის აბსოლუტურად გულწრფელი. ის ნაწილი, რომ ის კმაყოფილია იმ მდგომარეობით, რაშიც საქართველო არის, ეს არის ლოგიკური ამბავი.
რუსეთის ინტერესია, რომ საქართველო და ყველა მისი სამიზნე, ვისი სახელმწიფოებრიობის დაშვებაც არ უნდა, დასავლეთისგან იზოლირებული ანუ მაქსიმალურად დაუცველი იყოს. ჩვენივე ისტორიებიდან რომ გვახსოვდეს, მაგალითად 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც დასუსტებულმა რუსეთმა აფხაზეთში გენოციდი მოგვიწყო, გადაგვიარა…
ეს უნდა იყოს ყველასთვის მაგალითი თუ რას ნიშნავს, როცა იზოლირებული ხარ დასავლეთისგან და ეს, რა თქმა უნდა, ლავროვს ახარებს. ივანიშვილს 2013 წელს აქვს ნათქვამი, რომ მოსწონდა სომხეთის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც რუსეთის პირდაპირი ნაწილი იყო.
პროპაგანდა იქნება ასეთი, „ხომ ხედავთ ახლა დაბომბვის საფრთხე არ გვაქვს რუსეთისგან“. ეს არის მათი ხაზი. ეს არის უსინდისო, მოღალატეობრივი სიცრუე. მეტი „არგუმენტი“ მათ არ აქვთ. ყველა ნაბიჯი საქართველოს იზოლაციის დასავლეთისგან არის ზუსტად ის, რაც რუსეთის ფედერაციას სჭირდება. მარტივია, აქ არ არის რთული ამბავი.
ივანიშვილისთვის მთავარია, რაც შეგვიძლია თვალდახუჭული ვთქვათ, ის უნდა იყოს და იყოს, მისი ძალაუფლება უნდა იყოს. სანამ ცოცხალია ის უნდა იყოს ხელისუფლებაში. ამ ძალაუფლების შენარჩუნების გზას ხედავს პუტინიზმთან ალიანსში ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს მას სჭირდება თავისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ასე ესმის მას. ამიტომ, ის ყველაფერზეა წამსვლელი“, – აცხადებს გიგა ბოკერია.