რა არის სასარგებლო მენტალური ჯანმრთელობისთვის
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ყველაზე სასარგებლო რამ მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, არის ჯანსაღი ურთიერთობები. ხშირად ჩვენი ტრამვები არასწორ ადამიანებთან ურთიერთობას უკავშირდება. ისინი, ვინც სხვადასხვა დროს ჩნდებოდნენ და ნებიერად თუ უნებურად ცდილობდნენ თავიანთი ეგოს დასაკმაყოფილებლად თავი ცუდად გვეგრძნო და საკუთარი თავისადმი სიყვარული დაგვეკარგა. ასე ადამიანები იმიტომ იქცევიან, რომ მათი გავლენის ქვეშ მოვექცეთ. ამ ყველაფრის გაანალიზება კი ჩვენს ცხოვრებაზე ზრუნვის პირველი ეტაპია. მიატოვეთ ყველაფერი, რაც თავს არასაკმარისად გაგრძნობინებთ და გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ.
მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მენტალური ჯანმრთელობისთვის არის ფიზიკური აქტივობა. იქნება ეს ცეკვა, იოგა, ცურვა თუ ვარჯიში, ყველაფერი, რაც მოტივაციას გაძლევთ და თქვენს სხეულსა და გონებას გაჯანსაღებაში ეხმარება, სასარგებლოა ფსიქოლოგიური განწყობისთვისაც.
დეპრესიისა და სტრესის მოსახსნელად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ახალი უნარების ათვისება. ენის შესწავლა, რაიმე საქმის წამოწყება, მუსიკა, ხატვა, ძერწვა, თუნდაც თიხაზე მუშაობა, ყველაფერი, რაც შეიძლება თქვენი ახალი ჰობი გახდეს, გეხმარებათ დადებითი ემოციების და ენერგეტიკის მოზიდვაში, რაც თავისთავად პოზიტიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
რაც მთავარია, არ დაივიწყოთ, რომ დარჩეთ აწმყოში. რა ხდებოდა წარსულში ან რა მოხდება მომავალში, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე ხშირად შფოთვას, სტრესსა და დეპრესიას სწორედ ასეთი ფიქრები იწვევს. შეიგრძენით მომენტი, რომელშიც იმყოფებით და დაიჭირეთ წამი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ცხოვრებაში.
წყარო/ფოტო: Health Line